ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აკადემიის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიაზე წაიქცა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კოლორადოში, ამერიკის საჰაერო ძალების აკადემიაში კურსდამთავრებულებისთვის დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე წაიქცა. ის შემდეგ სწრაფადვე ადგა და თავის ადგილზე დაბრუნდა.

80 წლის პრეზიდენტი დიპლომების გადაცემისას ჯერ წაბორძიკდა, წინ გადაიხარა და წაიქცა, თუმცა ხელებს დაეყრდნო და თავის შეკავება შეძლო. შემდეგ ის მუხლებზე დაყრდნობით წამოდგა, რაშიც ბაიდენს სამი ადამიანი დაეხმარა.

მას შემდეგ, რაც მან იქვე, სცენაზე მდგარ საკუთარ სკამზე ადგილი დაიკავა, ბაიდენმა დამსწრე საზოგადოებას იმ ქვიშის ტომარაზე მიუთითა, რომელიც ტექნიკის ნაწილს იკავებდა და მიანიშნა, რომ სწორედ ამ ტომარას წამოედო. თუმცა, იქვე ცერა თითი აწია იმის საჩვენებლად, რომ კარგადაა და არაფერი უტკენია. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ბაიდენმა იხუმრა კიდეც თავის წაქცევაზე.

პრეზიდენტი ბაიდენი ცერემონიაზე ახალწვეულებისთვის დიპლომების გადასაცემად იყო მისული. პრეზიდენტი სიტყვითაც გამოვიდა და მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ სიტუაციაზე, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა.

ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტია. მიუხედავად თავისი ასაკისა, ამბობს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კვლავ მიიღებს. მისი მთავარი ოპონენტი კი, 2020 წლის მგავსად, სავარაუდოდ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, 77 წლის დონალდ ტრამპი იქნება.

XS
SM
MD
LG