ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრძელდება ბაიდენის მოსკოვური ტურნე


გრძელდება ბაიდენის მოსკოვური ტურნე
გრძელდება ბაიდენის მოსკოვური ტურნე

შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის დასაწყისში, ვიცე პრეზიდენტმა კრემლის კედელთან უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო. შემდეგ ბაიდენი მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა.

ვიცე პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოში რუსეთში მოღვაწე ამერიკული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან საუზმე გამართა, შემდეგ კი სკოლკოვო მოინახულა და რუს ბიზნესმენებს შეხვდა. დღეს საღამოს კი ვიცე პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევთან გამართა შეხვედრა.

ხუთშაბათს დილას დაგეგმილია ბაიდენის შეხვედრა რუსეთის პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ვიცე პრეზიდენტი მრგვალი მაგიდის ფორმატში რუსეთის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. ხუთშაბათს საღამოს ბაიდენი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე სიტყვით მიმართავს.

პარასკევს დილით შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მოსკოვიდან მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და მოლდოვაში შეერთებული შტატების საელჩოს ხელმძღვანელობასთან. ბაიდენის თანაშემწე ტონი ბლინკენის თქმით, ეს იქნება ამერიკელი ვიცე პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამ ქვეყანაში. ოფიციალური ვიზიტი მოლდოვას დამოუკიდებლობის მეოცე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ემთხვევა.

რუსეთში ბაიდენის ოფიციალური ვიზიტის განრიგში შედის ისეთი საკითხების განხილვა როგორიც გახლავთ ბირთვული არსენალების შემცირება, ატომური შეიარაღების გავრცელების თავიდან აცილება, ავღანეთის სტაბილიზაცია და გლობალური ბაზრების გახნსა. ტონი ბლინკენის ცნობით, ბაიდენი აგრეთვე შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ ემხრობა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ „ვიცე პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს იმ სახის საქმიანობის წინა პლანზე წამოწევას, რომელსაც ადრე ყურადღება არ ეთმობოდა.“

„ჩვენ გვსურს ‘გადატვირთვის’ განრიგის განვითარება იმ მიმართულებით, სადაც ჯერ-ჯერობით პროგრესი არ შეინიშნება. უწინარეს ყოვლისა, ეს ინოვაციების სფეროს ეხება. სწორედ ამით აიხსნება სკოლკოვოს ვიზიტი, რადგან პრეზიდენტმა მედვედევმა გასულ წელს ჩვენი სილიკონის ველი მოინახულა,“ განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

„პრემიერ მინისტრ პუტინთან და პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები სერიოზული დისკუსიის საგანი იქნება. ჩვენ ტრადიციულად გლობალური საკითხების ფართო სპექტრს ვიხილავთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სერიოზული განსჯის საგანი გახდება არა მხოლოდ ლიბია არამედ მთელი რეგიონი და განსაკუთრებით კი ის ქვეყნები, რომლებსაც დემოკრატიული გარდაქმნები სურთ,“ აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა.

მაკფოლის თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთთან ერთობლივი საქმიანობის გაფართოება სურს. „ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ შეიარაღებათა კონტროლითა და მასობრივი შეიარაღების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლით არ უნდა შემოიფარგლოს. ჩვენი ურთიერთობა უნდა გაფართოვდეს და შეიცავდეს ინვესტიციებს, ინოვაციებსა და ბევრ სხვა საკითხს, რომელზეც ჩვენ ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის ფარგლებში ვმუშაობთ,“ დასძინა მაკფოლმა.

XS
SM
MD
LG