ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას ესწრება


ამერიკის პრეზიდენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) ერთან ვირტუალურ სამიტს ესწრება. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის ლიდერი ბლოკთან უმაღლესი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობს. ბლოკი ჩინეთის მზარდი გავლენისა და აგრესიული ნაბიჯების საპირისპიროდ მნიშვნელოვან გაერთიანებად მიიჩნევა.

ამერიკის პრეზიდენტი სამხრეთ აზიის ქვეყნების ლიდერებს ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პერიოდიდან აღარ შეხვედრია. ტრამპი ამ ქვეყნებისა და ამერიკის სამიტს მანილაში 2017 წელს დაესწრო, მას შემდეგ კი ამერიკის ურთიერთობები ჩინეთთან გამუდმებით უარესდებოდა და ათწლეულების განმავლობაში ყველაზე უარეს ნიშნულს მიაღწია.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკას სურს ცენტრალური როლი ითამაშოს რეგიონის 10 ქვეყანაში და სავარაუდოდ ის მალე პირადად ეწვევა ამ რეგიონს.

"ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ურთიერთობა არსებითად მნიშვნელოვანია მილიარდამდე ჩვენი მოქალაქისთვის", - ამბობს ბაიდენი. "ჩვენი პარტნიორობა კრიტიკული მნიშვნელობისაა თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის შესანარჩუნებლად, რომელიც ჩვენი საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის საფუძველი იყო ათწლეულების განმავლობაში", - თქვა ბაიდენმა.

თეთრი სახლი აცხადებს, რომ მალე პრეზიდენტი ბაიდენი ამ რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის 102 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმას წარადგენს. ეს თანხები კი ჯანდაცვის, კლიმატის, ეკონომიკისა და განათლების სფეროში დაიხარჯება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG