ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა წელიწადში 125 000 დევნილს შეიფარებს, ტრამპის დროს ლიმიტი 15 000 იყო


თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი თვე აღმასრულებელი განკარგულებების მთელი სერიით აღინიშნა, რაც ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკას მნიშვნელოვნად ცვლის. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, დევნილთა პროგრამის გაფართოებაა.

ბაიდენის გადაწყვეტილების მიხედვით, ოქტომბრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა წელიწადში 125 000 დევნილი უნდა მიიღოს. წინა ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით, ეს რიცხვი მინიმუმზე დაიყვანა და ბოლო წელს, დევნილების ლიმიტი მხოლოდ 15 000 გახდა.

თუმცა, მათი რეალური რაოდენობა გასულ წელს კიდევ უფრო დაბალი იყო. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 2020 წელს ამერიკამ მხოლოდ 11 814 დევნილი შეიფარა.

სპეციალისტები შიშობენ, რომ ბაიდენის დიდი სურვილის მიუხედავად, ასეთი მასშტაბის გაფართოება პრაქტიკაში იოლი განსახორციელებელი არ იქნება. ტრამპის ადმინისტრაციამ დევნილების პროგრამებს რესურსებიც დრამატულად შეუმცირა, რის გამოც მათი დაფინანსება ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ისტორიულად დაბალი იყო.

პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა კორონავირუსის პანდემიაა, ამბობს კრისტოფერ ბოიანი, კომუნიკაციების ოფიცერი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატში. ის მთავარ გამოწვევებს შორის კვალიფიციური კადრების ნაკლებობასაც ასახელებს. "თუმცა, უდავოა, რომ უდიდესი, ან ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, პროგრამის ისეთი ჯანსაღი მასშტაბით ამუშავებისთვის, რასაც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ისახავს მიზნად, კოვიდის პანდემია იქნება," აღნიშნავს გაეროს წარმომადგენელი.

ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ასეთი ცვლილებები სახიფათოა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებას მეტ რისკს უქმნის. ისინი დევნილების დაშვების შემცირების გარდა, მათი ბიოგრაფიის უფრო მკაცრი გადამოწმების მომხრეები არიან. ლორა რიესი, ვაშინგტონში დაფუძნებული "ჰერითიჯის ფონდის" უფროსი მკვლევარი "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ უსაფრთხოების მიზნით შემოწმების პრაქტიკა "არ უნდა მოისროლონ ნაგავში მარტო იმიტომ, რომ მას ტრამპის სახელი აწერია".

მაგრამ, დევნილთა ლიმიტის გაზრდის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია შემოწმების მეთოდების შემსუბუქებას არ გეგმავს. პირიქით, პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ავალებს, მხედველობაში მიიღონ "დევნილთა შემოწმების მოცულობის გაზრდა" და ამ მიზნით საჭირო ინფრასტრუქტურა მოამზადონ.

კიდევ ერთი პრობლემა ბაიდენის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელების გზაზე, საკანონმდებლო ბარიერია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ზურგი კონგრესის მიერ დასამტკიცებელმა ბიუჯეტმა უნდა გაუმაგროს. ამერიკის მთავრობის ახალი ბიუჯეტი ფისკალური წლის დაწყებამდე, ოქტომბრამდე უნდა დამტკიცდეს. თუმცა, დემოკრატები ახლა კონგრესში ორივე პალატას აკონტროლებენ, რაც დაფინანსების მხრივ, ოპტიმისტური პროგნოზების საფუძველს იძლევა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, როგორც ბევრ სხვა საკითხში, საიმიგრაციო პოლიტიკაშიც მთავარი წყალგამყოფი პოლიტიკური შეხედულებებია. თებერვალში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბაიდენის საიმიგრაციო პოლიტიკას 5-დან 3 რესპუბლიკელი "კატეგორიულად არ ეთანხმება". დემოკრატების 61% კი დევნილთა პროგრამების გაზრდის მომხრეა. გამოკითხვა "მორნინგ ქონსალთის" და "პოლიტიკოს" მიერ 2 000-მდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის ჩატარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG