ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ახალ გამოკითხვაში მხოლოდ ერთი პროცენტით ლიდერობს


ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უმნიშვნელო, მხოლოდ ერთპროცენტიანი უპირატესობა აქვს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამერიკელ მოსახლეობაში "როიტერმა" და "იფსოსმა" ერთობლივად ჩაატარა.

თითოეულ კანდიდატს უკვე საკმარისი მხარდაჭერა აქვს მათი პარტიებიდან, რათა ზაფხულში ნომინაცია ფორმალურად მიიღონ. 81 წლის ბაიდენს ნომინაციის მოსაპოვებლად დემოკრატიული პარტიიდან 1 968 დელეგატის ხმა ესაჭიროებოდა. ეს ზღვარი მან სამშაბათს, 12 მარტის საღამოს გადალახა. რამდენიმე საათში კი ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელთა ნომინაციისთვის საჭირო 1 215 დელეგატის ხმა 77 წლის ტრამპმაც შეაგროვა.

ახალი გამოკითხვის მიხედვით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, 39% ხმას დემოკრატ ბაიდენს მისცემდა. გამოკითხულ ამერიკელთა 38%-მა რესპუბლიკელი ტრამპი არჩია. პრეზიდენტის უპირატესობა საკმაოდ უმნიშვნელოა, რადგან ის კვლევის ცდომილების ფარგლებში ექცევა, რაც 1.8%-ს შეადგენს.

ბევრმა ამომრჩეველმა არც ტრამპი აირჩია და არც ბაიდენი. გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ ხმას მისცემდა სხვა კანდიდატებს, 5% ამბობს, რომ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას, 7% კი აცხადებს, რომ არ იცის, თუ ვის მისცეს ხმა, ან პასუხისგან თავს იკავებს.

ორივე პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატის საბოლოო ნომინაციის გამოცხადება ზაფხულში იგეგმება. რესპუბლიკელთა ყრილობა 15-18 ივლისს ჩატარდება, დემოკრატთა ყრილობა კი - 19-22 აგვისტოს. ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG