ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქარტიას პირდაპირ გულში დაარტყა - გაეროში ბაიდენის გამოსვლის მთავარი აქცენტები


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს. წინასწარი ინფორმაციით, ის მზად არის მსოფლიოს ლიდერებს უთხრას, რომ უკრაინაში რუსეთის „შიშველი აგრესია“, იმის შეურაცხყოფაა, რასაც ეს საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს. როგორც ჩანს, ბაიდენი უკრაინელების წინააღმდეგობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მოკავშირეების დარაზმვას აპირებს.

დღესვე გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, ბაიდენი შეხვდება ბრიტანეთის ახალ პრემიერ ლიზ ტრასს და გამართავს სხვა ოფიციალურ შეხვედრებს. გაეროში გამოსვლილას, ამერიკის პრეზიდენტი გამოაცხადებს სურსათის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის თაობაზე და გააგრძელებს ზეწოლას მოკავშირეებზე, რათა შიდსთან ბრძოლის გლობალური ფონდის შესავსებად, 18 მილიარდი დოლარის შეგროვებაში თავისი წვლილი შეიტანონ.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წელს გაეროში ბაიდენის მიერ წამოწეულ მთავარ საკითხებში დომინანტური სავარაუდოდ, რუსეთის სრული დაგმობა იქნება. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი ომი 7 თვის ნიშნულს უახლოვდება.

„ის უკრაინაში რუსეთის უსამართლო ომს მტკიცედ დაგმობს და მსოფლიოს მოუწოდებს გააგრძელონ წინააღმდეგობა შიშველი აგრესიის მიმართ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში ვიხილეთ. ის ხაზს გაუსვამს გაეროს გაძლიერების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს მისი ქარტიის ძირითად პრინციპებს იმ დროს, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქარტიას პირდაპირ გულში დაარტყა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპს გამოწვევა შეუქმნა,“ თქვა თეთრის სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.

XS
SM
MD
LG