ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი ტოტალიტარიზმს უახლოვდება


ბელარუსი ტოტალიტარიზმს უახლოვდება
ბელარუსი ტოტალიტარიზმს უახლოვდება

ბელარუსის პრეზიდენტს უკვე დიდი ხნის მანძილზე ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ

ბელარუსის პრეზიდენტს უკვე დიდი ხნის მანძილზე ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი იუწყება მოსკოვიდან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ ბოლო ხანებში აზრის გამოხატვის, დემონსტრაციების ორგანიზებისა და წარმომადგენლების არჩევის უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ცდილობს. ამ ძალისხმევის ფონზე იგი ქვეყანას ტოტალიტარული წარსულისკენ უბიძგავს.

გასულ კვირას ლუკაშენკომ ბელარუსში ბოლო ორი ოპოზიციური გაზეთი დახურა. ერთი გაზეთის, „ნაროდნაია ვოლნას“ რედაქტორმა დადო პირობა, რომ იგი გაზეთის გამოქვეყნებას უცხოეთიდან ან იატაკქვეშეთიდან გააგრძელებს, რამაც ბევრს საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტური გამოცემების ანუ „სამიზდატის“ ფარულად ბეჭდვა გაახსენა.

შემდეგ კი ანდრეი სანიკოვი, ბელარუსის წამყვანი დემოკრატიული ოპოზიციონერი, სხვა აქტივისტებთან ერთად მინსკის სასამართლოს წინაშე წარსდგა. სანიკოვის დედამ უცხოელ ჟურნალისტს ჩაუჩურჩულა, რომ მისი შვილის სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ფარსს წარმოადგენდა.

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის აღსანიშნავ არაოფიციალურ დემონსტრაციაზე აქტივისტებს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომლები დახვდნენ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დემონსტრაციის ყოველ მონაწილეს ფოტო გადაუღწეს და სათითაოდ გაჩხრიკეს.

თეატრის დირექტორმა ნატალია კოლიადამ ბელარუსი დეკემბერში დატოვა, როცა საყოველთაო არჩევნების შემდეგ მთავრობამ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენა. კოლიადა აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს მიერ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების გამართვა და ოპოზიციური გაზეთების დახურვა ქვეყნის დიქტატორული წყობის მზარდი ტოტალიტარული ხასიათის მანიშნებელია.

ნიუ იორკიდან სატელეფონო ინტერვიუს დროს კოლიადამ კერძოდ აღნიშნა:

„ბოლოს და ბოლოს მსოფლიომ შეიტყო, რომ ლუკაშენკოს ძალაუფლებაში 17 წლის შემდეგ, იგი ევროპის უკანასკნელი დიქტატორი გახდა.“

პრეზიდენტ ლუკაშენკოს აზრის გამოხატვისა და სახალხო დემონსტრაციების მოწყობის ეშინია. გავრცელებული ცნობების თანახმად, ბელარუსში ბევრს სჯერა, რომ მინსკის მეტროში 11 აპრილს მომხდარი აფეთქებების უკან საიდუმლო სამსახურების აგენტები იდგნენ. როგორც ცნობილია, ხსენებული აფეთქებების შედეგად დაიღუპა 14 და დაიჭრა 200 ადამიანი. პრეზიდენტმა აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირები ბელარუსის საზოგადოებას წარადგინა როგორც ასაფეთქებელი ნივთიერებებით გატაცებული ახალგაზრდები.

საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ბელარუსის საკითხების ექსპერტს იანა კობზოვას მიაჩნია, რომ ბელარუსულ ინტერნეტზე მინსკში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი სუფევს.

„ამაში მთავრობის მიმართ უნდობლობა აისახება. ლუკაშენკოს ადგილას რომ ვყოფილვიყავი, საკმაოდ შეშფოთებული ვიქნებოდი რადგან ხალხს მის მიერ შემოთავაზებული ახსნის არ სჯერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ბევრის ნდობა დაკარგა,“ - აღნიშნა იანა კობზოვამ.

გასულ კვირას ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილმა პოლკოვნიკმა ვლადიმირ ბოროდაჩმა რუსეთის „ენ-ტე-ვე“ სატელევიზიო არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი პირი, „უბრალოდ გადამზიდველების როლში გამოიყენეს, რადგან მათ ჩანთების გადატანა ევალებოდათ.“

აღსანიშნავია, რომ ბოროდაჩი ინტერვიუს გერმანიიდან იძლეოდა, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ბოროდაჩის თქმით, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა აფეთქებების მოწყობა ორ ახალგაზრდას დაავალა რადგან ამით საზოგადოების ყურადღება ქვეყნის მზარდი ეკონომიკური პრობელემიდან ტერორიზმზე გადავიდოდა. გასულ პარასკევს ორ პირს, რომელთა ვინაობა სამართალდამცველებს დღემდე საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ, ოფიციალურად ტერორიზმის ბრალდება წამოუყენეს, რასაც სიკვდილით დასჯა მოჰყვება.

კოლიადა ამ მოსაზრებას ეთანხმება.

„მე მჯერა, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემებიდან ბელარუსის ხალხის ყურადღების გადატანა სურდა,“ - დასძინა კოლიადამ.

ახლო მომავალში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ბელარუსში მოსალოდნელია სოციალური მდგომარეობის შემდგომი დაძაბულობა. ამ კონტექსტში პრეზიდენტი ლუკაშენკო საბჭოთა ბელარუსის აღდგენას ცდილობს. ამ მიზნით მან ბელარუსის პოლიციის ძალებს უბრძანა ქვეყნის ყველა მამაკაცის თითის ანაბეჭდის აღება დაჩქარდეს.

XS
SM
MD
LG