ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსმა ოლიმპიელ მოცურავეს დაუსწრებლად 12 წელი მიუსაჯა


ალექსანდრა ჰერასიმენია
ალექსანდრა ჰერასიმენია

მინსკში სასამართლომ ყოფილ ბელარუს ოლიმპიელ მოცურავეს და პოლიტიკურ აქტივისტს - ალექსანდრა ჰერასიმენიას - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა სასამართლოზე დაუსწრებლად მიუსაჯა. სასამართლომ ბრალდებულის ბინის, მანქანის და ბანკში მის ანგარიშზე 48 700 დოლარის ოდენობის თანხის კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო. ინფორმაცია ორშაბათს, საინფორმაციო სააგენტო "ბელტამ" გაავრცელა.

ალექსანდრა ჰერასიმენიას ბრალი სანქციებისკენ და ისეთი ქმედებებისკენ მოწოდებებში ჰქონდა წაყენებული, რაც სასამართლოს განცხადებით, ზიანს მიაყენებდა ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი "საჯარო მოწოდებაში, ჩაედინათ ქმედება, რომლის მიზანი ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებაა, მათ შორის - ბელარუსის წინააღმდეგ, ინდივიდების და რესპუბლიკის კანონიერი ორგანიზაციების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებით".

ბელარუსის მთავრობას გაერო და დასავლეთის ბევრი ქვეყანა პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების და ჟურნალისტების დევნაში ადანაშაულებს. ბელარუსში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს მონაცემებით, ქვეყანაში 1 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია.

ალექსანდრა ჰერასიმენიამ ბელარუსისთვის ოლიმპიური ჯილდო სამჯერ მოიპოვა. ის იმ მოწინავე სპორტსმენებს შორისაა, რომლებმაც ბელარუსი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს, როცა გაყალბებული შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობამ სასტიკად დაარბია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG