ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის ჯარი რუსეთს შეუერთდება - ლუკაშენკოს გაფრთხილება უკრაინას


ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, დღეს მან ბელარუსის ჯარებს მისცა განკარგულება შეუერთდნენ უკრაინის მახლობლად განლაგებულ რუსეთის ჯარებს. ლუკაშენკოს თქმით, მან ეს გადაწყვეტილება იმ აშკარა საფრთხის გამო მიიღო, რაც ახლა ბელარუსისთვის კიევიდან და მისი დასავლელი მხარდამჭერებისგან მოდის.

ლუკაშენკოს ეს განცხადება, სავარაუდოდ რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის გამწვავებას მოასწავებს, რომლის დროსაც, არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინის წინააღმდეგ, ამჯერად რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებულმა ჯარებმა იბრძოლონ.

"ბელარუსის ტერიტორიაზე თავდასხმები ჯერ არაა განხილული უკრაინაში, თუმცა უკვე იგეგმება",- თქვა ლუკაშენკომ. თუმცა ამ მოსაზრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ წარუდგენია.

ლუკაშენკოს თქმით, ისინი "ამისთვის ათწლეულების განმავლობაში" ემზადებოდნენ. ბელარუსის ლიდერის თქმით, ის ამ სიტუაციის შესახებ სანქტ-პეტერბურგში ყოფნის დროს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა.

ლუკაშენკოს თქმით, ის დაეთანხმა პუტინს იმაში, რომ ერთობლივი, რეგიონული სამხედრო ჯგუფი შექმნან და უკვე ორი დღეა, რაც სამხედროები მზადყოფნაში არიან. ლუკაშენკოს განცხადებების მიხედვით, მან ჯარის შეკრება მას შემდეგ განიზრახა, რაც ყირიმის ხიდის აფეთქება მოხდა.

ბელარუსის პირველი პირი ამტკიცებს, რომ გაფრთხილება მას არაოფიციალური წყაროებიდან მიუვიდა, რომლის მიხედვითაც, "ყირიმის ხიდი 2"-ის აფეთქება უკრაინამ დაგეგმა. თუმცა, მეტი დეტალი ამ თემასთან დაკავშირებით მას არ დაუზუსტებია.

"ჩემი პასუხი ძალიან მარტივი იყო: უთხარით უკრაინის პრეზიდენტს და დანარჩენ მთვარეულებს: თუ ისინი ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, მაშინ ყირიმის ხიდი, სკვერში გასეირნებასავით მოეჩვენებათ",- თქვა ლუკაშენკომ.

რუსეთ უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ბელარუსი ღიად უჭერს მხარს რუსეთს, თუმცა ოფიციალურად, ომში ამ დრომდე არ ჩართულა.

XS
SM
MD
LG