ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსმა საფრანგეთის ელჩი ქვეყნიდან გააძევა


ბელარუსმა საფრანგეთის ელჩი ნიკოლას დე ლაკოსტა ქვეყნიდან გააძევა. ეს ლუკაშენკოს რეჟიმის პასუხია ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე.

ლაკოსტამ ბელარუსში დიპლომატიური საქმიანობა გასულ წელს დაიწყო. მან ქვეყანა 17 ოქტომბერს, ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნით დატოვა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლებას“ ბელარუსში არსებული საფრანგეთის საელჩო უდასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩი გასული წლის საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, მაქსიმალურად თავს არიდებდა ლუკაშენკოსთან შეხვედრას.

2020 წლის აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ათასობით ბელარუსი გამოვიდა ლუკაშენკოს რეჟიმის გადადგომისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით. თუმცა დემონსტრაციები ლუკაშენკოს ბრძანებით დაარბიეს, ასობით ადამიანი დააკავეს და აწამეს. საპატიმროშია საპროტესტო მოძრაობის სამი ქალი ლიდერიდან ერთი, მარია კოლსენიკოვაც. ორი ლიდერი, სვეტლანა ციხანუსკაია და ვერონიკა ცეპკალა კი იძულებულები გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.

საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩის გამოსამშვიდობებელი წერილი ბელარუს ხალხთან ხვალ გამოქვეყნდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG