ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ლიბანის დასახმარებლად 300 $ მილიონს გამოყოფენ


მსოფლიო ლიდერებმა კვირას 300 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადეს იმისთვის, რომ ლიბანს გამანადგურებელი, მასობრივი აფეთქებისგან მიყენებული ზიანის აღდგენაში დაეხმარონ.

30-ზე მეტმა ლიდერმა, რომლებიც ტელეკონფერენციის ფარგლებში „შეიკრიბნენ“, განაცხადა რომ დახმარება უნდა იყოს დროული, დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი ლიბანელი ხალხის საჭიროებებისა. ამასთან, ის პირდაპირ უნდა მიეწოდოს მოსახლეობას იმისთვის, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა და ნაყოფიერება იყოს უზრუნველყოფილი.

გადასაცემი თანხა არ იქნება დაკავშირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ ინსტიტუციურ რეფორმასთან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ. მათი თქმით, ეს უფრო ხანგრძლივი დახმარების პირობაა, ვიდრე ერთი კონკრეტული მმართველი ჯგუფის თუ ამა თუ იმ ხელისუფლების.

მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტაც გაავრცელეს მოწოდებები იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მიუკერძოებელი, სანდო და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება იმისთვის, თუ რის გამო მოხდა მძლავრი აფეთქება ბეირუთში. აფეთქებას 158 ადამიანი ემსხვერპლა, 6 000-ზე მეტი დაშავდა.

აფეთქების შედეგების ფონზე ლიბანელების ნაწილი ქუჩაში პოლიტიკური ლიდერების გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა. კვირას ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს ისროდნენ და პარლამენტისკენ მიმავალ გზას კეტავდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მოედანზე კორდონშემოვლებული ტერიტორიის გარღვევაც სცადეს და ამ ადგილებში ცეცხლი გაჩნდა. დემონსტრანტები ტრანსპორტის სამინისტროს შენობის ნაწილშიც შეიჭრნენ. პოლიტიკური არეულობის ფონზე ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად აფეთქება და მანამდე მიმდინარე მოვლენები - ეკონომიკური კრიზისი და რეფორმების წარუმატებლობა დაასახელეს.

ბეირუთის პორტში, დაახლოებით 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი იყო დასაწყობებული. სამშაბათს კი ამ ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG