ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპაციის ზოლზე, რომელსაც ხშირად ეგრეთ წოდებულს ვუწოდებთ, ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ადამიანების უმეტესობა ამ ადგილებს მაინც არ ტოვებს. ზვიად ცოტნიაშვილის სახლი ქარელის მუნიციპალიტეტის თამარაშენში სოფლის განაპირასაა. მას მინდვრები აკრავს გარს, მინდვრებს კი რუსი მესაზღვრეების მიერ გამაგრებული სიმაღლეები ემიჯნება. თამარაშენი ბერშუეთს ესაზღვრება, სადაც რამდენიმე კვირის წინ ახალი ბანერები გაჩნდა. ზვიად ცოტნიაშვილი მეუღლესთან, დედასთან და ორი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ არ ეშინია და სახლს არასდროს მიატოვებს.

კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლები 2008 წლის ომის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის გარდა, უწყლობამ დააზარალა. ოუპაციის ქვეშ მოყოლილი წყალსადენების გამო, მოსავლის მოყვანა აქ შეუძლებელი გახდა, რამაც საბოლოოდ გააღარიბა აქაური მოსახლეობა, რომელიც აგრარული მეურნეობით ირჩენდა თავს. ზვიად ცოტნიაშვილი ჩვენთან საუბრისას სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: „სადაც ბარიერია, იმის ქვემოთ ჩამოვიდნენ კიდევ რუსები, ტრაქტორებით ხნული გაავლეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ალბათ, მერე ჩამოწევენ. ერთი 100 მეტრიღაა დარჩენილი, სადაც სარწყავი წყალი გამოდის. წაგვართმევენ ალბათ, რავიცი, ჩამოდიან ეს მესაზღვრეები ხშირად. პატრონი არ გვყავს, ყურადღებას არავინ გვაქცევს, რომ მოვიდეს და თავი შეიწუხოს, მაგრამ რომც შეიწუხოს, მაინც არაფერი გამოვა. იმიტომ არ გამოვა, რომ ვერ მოვერევით, რუსეთს ვებრძვით და როგორ მოვერევით. აგერ ჩამოდიან, ხალხს იტაცებენ, როგორც ხბორებს. ჯარიმა 100 ლარია, პლუს 10 დღე ტყვეობაში ჰყავთ ცხინვალში, ვისაც გაიტაცებენ, იმ ჯარისკაცს კიდევ შვებულება აქვს, მადლობასაც უხდიან.“

წყალსადენების გარდა ოკუპაციის ქვეშ ნავთობსადენიც მოჰყვა. ბაქო–სუფსას ტერმინალი 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანთან ხელმისაწვდომი უკვე აღარ იყო. მცოცავი ოკუპაციის გამო კი ამ ნავთობსადენის კიდევ უფრო დიდი მონაკვეთი დაიკარგა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას წარმომადგენელი გია გოჭოშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ახლა უკვე ამ მონაკვეთზეც შეუძლებელია მილსადენთან მიახლოვება: „ნავთობსადენის რაღაც მონაკვეთი ოკუპაციის ზონაშია და ჩვენი ცხენოსანი პატრული ვერ აკონტროლებს. ჩობალაურის ბოლოს, ავტობანის ჩრდილოეთ მხარეს, ყველაზე ახლოს დგას ბანერი, ავტობანიდან 300–400 მეტრში.“

ამერიკის ხმასთან საუბრისას ანალიტიკოსი ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს: „ოკუპაცია და მცდელობა იმისა, რომ „საზღვარი“ გაავლონ იქ, სადაც საბჭოთა კავშირის რუკებზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისტერიტორია იყო მონიშნული, რასაკვირველია, საფრთხის ქვეშ აგდებს მილსადენს. პირდაპირ აქცევს კიდეც „საზღვრის“ მიღმა. ჩვენ რუსეთს ვერ დავუწყებთ ომს ამის გამო, მაგრამ, ალბათ საჭირო იქნება, შემოვლითი პატარა ხაზი აშენდეს ამ მიმართულებით. როგორც გამოსავალი, ქართულმა მხარემ თავის დროზე ეს ასე დასახა. რამდენიმე წლის წინაც იყო ამაზე საუბარი. რუსები პირველად ხომ აკეთებენ ასეთ სისაძაგლეებს ჩვენს ტერიტორიაზე. მაშინაც, როდესაც დაისვა საკითხი, გამოსავლად მიჩნეული იქნა შემოვლითი პატარა გზის აშენება, რომ ამ ადგილს, სადაც რუსები ასე თავხედურად გვივლებენ ბარიერებს, გვერდი ავუაროთ. ჩვენ ამ მილსადენის დატვირთვიდან გამომდინარე, გარკვეული შემოსავლები გვაქვს ბიუჯეტში.“

ლიანა ჯერვალიძე ჩვენთან საუბრისას მილსადენის გამოყენებით რუსეთის მხრიდან პოლიტიკური წნეხის შესახებ ამახვილებს ყურადღებას: „პროდასავლური ორიენტაციის წინააღმდეგაა ეს ყველაფერი მიმართული. ფსიქოლოგიური მომენტია: გადმოწევენ საზღვარს და უყურებენ საზოგადოების რეაქციას: გამოდმოვწიეთ საზღვარი და ახლა რა? რეაქცია რა არის მთავრობის მხრიდან – მთავრობა მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩააყენებს საქმის კურსში. ყველა ოფიციალური პირი, ვინც კი ჩამოდის, მიდის და საზღვარს ნახულობს, მაგრამ შედეგი რაა? ეს წმინდა ფსიქოლოგიური ზეწოლაა რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ დააკნინონ დასავლური მიმართულების ძალები საქართველოში და გამოიწვიონ საზოგადოების ფრუსტრაცია.“

ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომ მათ ტერიტორიაზე რაკი ნავთობსადენი გადის, ამით უნდა ისარგებლონ და მიიღონ ან ნავთობი ან ფული. ამ ეტაპზე ნავთობსადენი კვლავ საერთაშორისო ნავთობ–კონსორციუმის საკუთრებაში რჩება, რომლის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი კომპანია BP ახორციელებს. ნავთობსადენი საქართველოს ტერიტორიაზე 375 კილომეტრის სიგრძეზეა წარმოდგენილი და ამჟამად 40 პროცენტითაა დატვირთული.

რაც შეეხება მეორე, საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენს, ამ ეტაპზე ოკუპაციის ზოლი არ შეხებია, თუმცა დაზღვევული ამ თვალსაზრისით, არაფერია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG