ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბალკანეთში წყალდიდობების ზარალს აფასებენ


სერბეთმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა წყალდიდობის მსხვერპლთა პატივის მისაგებად. საუკუნის ყველაზე მასშტაბურმა წყალდიდობამ 40 ადამიანი იმსხვერპლა სერბეთში, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

სერბეთის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 21, 22 და 23 მაისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.

ალექსანდერ ვუჩიჩი:
"ვიფიქრეთ, რომ რახან ამინდი გამოკეთდა და წყლის დონემ სავას მდინარეში დაიწია, ახლოს ვიყავით ამ საშინელების დასასრულთან, თუმცა სამწუხაროდ დასველებულმა ჯებირებმა უფრო მეტი პრობლემა შეგვიქმნა."

ყველაზე მეტად წყალდიდობამ სერბეთი დააზარალა. იქ, სულ ცოტა 30 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, მაგრამ უფრო მეტს წყალდიდობის ზონიდან თავის დაღწევა მოუხდა.

ალექსანდერ ვუჩიჩი:
„მატერიალური ზარალით თუ გავზომავთ, ჩვენ, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ უფრო მეტი ზიანი მოგვადგა, ვიმედოვნებ, რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება."

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპერტთა გუნდი გააგზავნა სერბეთში, რათა შეაფასოს ზიანი და ჩაიტანოს 26 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ბალკანეთში. დახმარება მოიცავს საავარიო ნავებს, საბნებს, სამზრეულოს, მაცივარს და სხვა მოწყობილობებს.

სერბეთის ეკონომიკის მინისტრი რომელიც ამ კვირაში დაბრუნდა იტალიიდან, გაეროს დახმარებას დახვდა.

დუსან ვუსოევიჩი:
„მოველი, რომ ეს აღჭურვილობა და საჭმელ-სასმელი მიაღწევს იმ ადგილებს, სადაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ. მე მაქვს სია თუ რა ჩამოიტანა გემმა, და გადავანაწილებ ყველაფერს იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მიიტანენ დახმარებას საჭირო ადგილებში.“

მეზობელი ბოსნიის მთავრობა აცხადებს, რომ სრულიად ბოსნიის მოსახლეობის მეოთხედის ევაკუაცია მოხდა წყალდიდობის დროს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა უარი თქვა საკუთარი სახლის დატოვებაზე.

ნევენკა ჯურიჩი, მსხვერპლი:
"ყველაფერი დაგვენგრა, გვეუბნებიან, რომ დავტოვოთ აქაურობა, მაგრამ სად წავიდეთ? სხვა სოფელში დაგასახლებთო, გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ გვყავს საქონელი, მათ რა უნდა ვუქნათ? ჩვენ მათ გარეშე ვერ ვიცხოვრებთ."

ბოსნიელი მთავრობის პირები ასევე აკეთებენ გაფრთხილებას, რომ 1990-იან წლებში გადატანილი ომის შემდეგ შემორჩენილი ნაღმები, შესაძლოა, წყალდიდობამ ადგილიდან დაძრა, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის მოსახლეობისთვის.
XS
SM
MD
LG