ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა


ბაჰრეინის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა
ბაჰრეინის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა

ბაჰრეინის მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს იყენებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები იტყობინებიან, რომ დედაქალაქ მანამას სხვადასხვა უბნებში ღამ-ღამობით რეიდებს აწყობენ. გზატკეცილებზე შექნმილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა და ქვეყნის სამართალდამცველები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ოპოზიციის მომხრეებს აპატიმრებენ. ბევრი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ბაჰრეინში შექმნილი მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკის ნაკლებობამ გამოიწვია, იუწყება მანამიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ფილიპ უოლტერ უელმანი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ აგორებული ტალღა ბაჰრეინში ჩაახშეს. ბაჰრეინის მთავრობამ თებერვლის შუა რიცხვებში დაწყებული ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დაშლის მიზნით სპარსეთის ყურის მეზობელ სახელმწიფოებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა.

გასულ კვირას კუნძულოვანი სამეფოს პრემიერ მინისტრმა ხალიფა ბინ სალმან ალ-ხალიფამ განაცხადა, რომ ქვეყანას სტაბილურობა დაუბრუნდა, მაგრამ ანალიტიკოსების უმრავლესობა, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მკვლევარის საიდ ბუმედუჰას ჩათვლით, აღნიშნავს, რომ ბაჰრეინის სტაბილიზაციის მიღმა ბნელი ძალები დგას.

„შემიძლია დანამდვილებით დაგიდასტუროთ, რომ შექმნილ მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ვითარება ახლა ბევრად უარესია ვიდრე პროტესტების დაწყებამდე,“ - აღნიშნა უფლებადამცველმა.

ადამიანის უფლებების დამცველი ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ბაჰრეინის ხელისუფლებამ ასობით ოპოზიციის მომხრე აქტივისტი დააკავა. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დაკავებული აწამეს. ამასობაში ბაჰრეინის სამართალდამცველები დევნიან ყველას, ვინც ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდა.

მას შემდეგ რაც ბაჰრეინში დემონსტრაციები დაიწყო, სულ ცოტა 27 ადამიანი დაიღუპა, სამი პოლიციელის ჩათვლით. საიდ ბუმედუჰა აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„ქვეყანაში შიშის კლიმატი სუფევს. ხალხს ვერ გაესაუბრები. ყველას ადარდებს ის თუ რა მოხდება. გამიგია ისიც, რომ ზოგიერთი პირი ხელისუფლებისგან იმალება, რაც თავისთავად უაღრესად შემაშფოთებელია,“ - აცხადებს უფლებადამცველი.

20 მარტს სამართალდამცველებმა ბაჰრეინის ადამიანის უფლებების ცენტრის პრეზიდენტი ნაბილ რაჯაბი დააკვეს, რომელიც ხელისუფლების კრიტიკით საჯაროდ ხშირად გამოდიოდა.

„ჯერ საძინებელ ოთახში ხელბორკილები ჩამაცვეს. ნიღბებში გამოწყობილმა 25 კბილებამდე შეიარაღებულმა პირმა ჩემი რვა წლის ქალიშვილი გააღვიძა. შემდეგ ავტომანქანაში ჩამსვეს და იქვე მაწამეს და მცემეს. შემდეგ კი დაკითხვების განყოფილებაში წამიყვანეს, სადაც ბევრი უაზრო კითხვა დამისვეს და ბოლოს სახლში გამიშვეს,“ - აღნიშნა ნაბილ რაჯაბმა.

რაჯაბის თქმით, ბაჰრეინში მდებარე კომპანიებმა ასობით თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ მათ ოპოზიციური მოძრაობის მხარდასაჭერად გაფიცვა მოაწყვეს. მას შემდეგ რაც 15 მარტს ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხელისუფლებამ აზრის გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა, აღნიშნავს ბაჰრეინელი აქტივისტი.

ცოტა ხნის წინ დემოკრატიული რეფორმების მომხრე ცნობილი ბლოგერი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. ამას გარდა, გასულ კვირას მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი გაზეთის მთავარი რედაქტორი თანამდებობიდან დაითხოვეს.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ბაჰრეინის ხელისუფლების კრიტიკას თავს არიდებს იმის გამო, რომ ამ დასავლეთის მოკავშირე სამეფოს ნავთობით მდიდარ სპარსეთის ყურეში სტრატეგიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამას გარდა, ბაჰრეინში დისლოცირებულია შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტი.

XS
SM
MD
LG