ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადი გმობს აშშ-ის ავიაიერიშს ერაყის პოზიციებზე


აფეთქების ადგილი ქალაქ ჰილაში, ერაყის სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო იერიშის შემდეგ. 26 დეკემბერი, 2023 წ.
აფეთქების ადგილი ქალაქ ჰილაში, ერაყის სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო იერიშის შემდეგ. 26 დეკემბერი, 2023 წ.

ერაყის მთავრობამ დაგმო შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმები ერაყის პოზიციებზე. ბაღდადის 26 დეკემბრის ოფიციალური განცხადების მიხედვით, აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო პირი და დაიჭრა 18 მოქალაქე. ერაყმა მომხდარს "აშკარად მტრული აქტი" უწოდა.

ვაშინგტონმა 25 დეკემბერს ერაყის ქალაქ ჰილაში საპასუხო საჰაერო იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ირანთან დაკავშირებული "ქათაიბ ჰეზბოლას" ერაყელი მებრძოლები შეერთებული შტატების პოზიციებს დრონით დაესხნენ თავს. უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო პირი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორი კი - დაჭრილია.

ბაღდადმა დაგმო შეერთებული შტატების თავდასხმა და მას "ერაყის სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევა" უწოდა. თუმცა, ერაყის მთავრობა იმასაც უსვამს ხაზს, რომ მტრულ ქმედებად აღიქვამს შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებს სამხედრო ბაზებზე, რომელთაც ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მრჩევლები მასპინძლობენ.

შეერთებულ შტატებს ერაყში 2 500 ჯარისკაცი ჰყავს, სირიაში კი - 900. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ მისიით ის ადგილობრივ ძალებს წვრთნითა და კონსულტაციით ეხმარება.

ერაყის ქალაქ ირბილში განლაგებულ ამერიკულ ბაზას, ორშაბათს ერთჯერადი გამოყენების დრონით დაესხნენ თავს. ეს ბაზა თავდასხმების განმეორებითი სამიზნეა. ოქტომბერში ირბილის ბაზის ყაზარმებს თავს დაესხნენ ასევე იმ დრონით, რომელმაც ანტისაჰაერო დაცვის გარღვევა შეძლო, თუმცა არ აფეთქდა. თეთრის სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის შესახებ ორშაბათსვე შეატყობინეს და პრეზიდენტმა პენტაგონს ამაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ საპასუხო მოქმედების ვარიანტების მომზადება უბრძანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG