ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"Smile" - ბაჩა მძინარაშვილის სადებიუტო ალბომი ნიუ-იორკში


ბაჩა მძინარიშვილი

"Smile" ასე ქვია ნიუ-იორკში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის, ბაჩა მძინარაშვილის პირველ სადებიუტო ალბომს. პრეზენტაცია "თაიმ-სქვეარზე" მდებარე პრესტიჟულ ჯაზ-კლუბში " ბერდლენდში" გაიმართა. თეა თუაშვილი ნიჭიერ მუსიკოსს ესაუბრა.

შოუს დაწყებადე ნახევარი საათით განმარტოვება- ყოველთვის ასე ხდება, ვიდრე ბაჩა მძინარაშვილი ინსტრუმენტთან მივა. ნიუ-იორკში, თაიმ-სქვეარზე მდებარე ცნობილ ჯაზ-კლუბ "ბერდლენდში" პირველი ალბომის პრეზენტაცია, როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, მის მუსიკალურ კარიერაში საპასუხიმგებლო დღეა.

ბაჩა მძინარაშვილი: ასეთი სერიოზული კონცერტი პირველია. მანამდე დამიკრავს ბევრგან, იქ სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავს, ვცდილობ რომ იქ ვიყო და რაღაცნაირად იქაურ წრეში დავუკრა და ჩემი სახელი ფიგურირებდეს. ჩემი აზრით, ეს ნიუ-იორკში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემი ფავორიტი მუსიკოსის სახელს ატარებს. "ბერდს" ეძახდნენ ჩარლი პარკერს, რომელმაც შემოიღო ნიუ-იორკში ბიპოპის ერა და მისი სახელობის კლუბია "ბერდლენდ" და ალბათ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო დღეა ჩემთვის, რადგან მისი სახელობის კლუბში ვუკრავ.

პირველ ალბომს ბაჩამ "სმაილ" დაარქვა. ეს არის ბერკლის კოლეჯის, მისი პედაგოგის, დარენ ბარეტის და მის მიერ შექმნილი კომპოზიციების ერთობლიობა. ბოსტონის სუსხიანი ზამთრის გავლენით ბაჩამ "მორნინგ სან" დაწერა. ცივ ქალაქში, სადაც მზე მთელი ზამთარი სანატრელი ჰქონდა, ერთხელაც გამოჩნდა და ბაჩას მუსიკალური კომპოზიციის ინსპირაცია გახდა.

ბაჩა მძინარაშვილი: კონკრეტულად არ ვიცი რა მაძლევს ინსპირაციას, ალბათ გარემო, ადამიანები და ინტერესი, სიყვარული მუსიკის მიმართ. ინტერესი მაძლევს სტიმულს. რამდენადაც გავიგებ რაიმეს რომ ეს ასეა, რაღაც სიახლე ხდება, ახალი ფერები ჩნდება და გგონია არაფერი არ იცი. მაგრამ როგორ არ იცი, იცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მთავრდება ეს ინტერესი და ძიება, დაუსრულებელი პროცესია.

ნატალია ქუთათელაძე - ბაჩას ძველი მეგობარი და ასევე წარმატებული ქართველი მუსიკოსი, ნიუ-იორკის "ჯულიარდის" პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია. ნატალია ალბომის პრეზენტაციას დაესწრო და ბაჩასთან და მის ბენდთან ერთად " ბერდლენდში" ირაკლი ჩარკვიანის "ორღანი-78" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა.

ნატალია ქუთათელაძე: ძალიან მიხარია, რომ ასეთ პრესტიჟულ ჯაზ-კლუბში უწევს მას თავისი დისკის წარდგენა თან არაჩვეულებრივი მუსკოსები ირგვლივ. ეს ჩემთვისაც დიდი პატივია ნიუ-იორკში ასეთ ადგილას გამოვდივარ , ჩემს უსაყვარლეს ბაჩასთან ერთად, რომელთანაც წლებია ვმეგობრობ.

ბაჩას პედაგოგი, ბერკლის კოლეჯის პროფესორი, დარენ ბარეტი ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე ბაჩასთან ერთად რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. დარენი ბაჩას ალბომის პრეზენტაცის ულოცავს.

დარენ ბარეტი: ბაჩოს უკვე წლებია ვიცნობ. ის ძალიან ნიჭიერია და ბევრს მუშაობს ინსტრუმენტთან და კომპოზიციების შექმნაზე, უფროდაუფრო იზრდება და ვითარდება პროფესიულად. საქართველო უნდა ამაყობდეს ამ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდით.

ბერკლის კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბაჩა მძინარაშვილი ნიუ-იორკში გადმოვიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა მუსიკოსის ფანჯრიდან ახლა მზე ნამდვილად ჩანს. მის ოთახში მისი მუსიკალური კარიერის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

ბაჩა მძინარაშვილი: ინსტრუმენტი აქამმდე არ მქონდა. რამდენიმე თვის წინ შევიძინე და ამაში დამეხმარა ერთ-ერთი ამერიკელი პიანისტი, რომელმაც მითხრა, მე დაგეხმარებიო შენ რომ შეიძინოო პიანონო, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება. ეს ბედნიერებაა, რომ მაქვს ჩემი ისნტრუმენტი, რომელიც ჩემს ოთახში დავდგი, რადგან რაც უფრო ახლოს არის მით უფრო მსიამოვნებს.

XS
SM
MD
LG