ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამ განაპირობა ავსტრიის კანცლერის გადადგომა?


ავსტრიის პარლამენტმა ქვეყნის კანცლერს, სებასტიან კურცს უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. პარლამენტის გადაწვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალს მოჰყვა, რამაც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერის კოალიციური მთავრობის დაშლა გამოიწვია. კურცის გადაყენების პროცესს სათავეში ოპოზიციურად განწყობილი სოციალ-დემოკრატები ედგნენ. მათ მხარს ერთ დროს კურცის მოკავშირე, რადიკალი-მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ უჭერდა.

ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ახალ კანცლერს აირჩევს, რომელიც დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს, სავარაუდოდ, სექტემბერის არჩევნებამდე.

კურცმა და მისმა პარტიამ, კვირას, ევროპარლამენტის არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ახალგაზრდა კანცლერი ამან ვერ გადაარჩინა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთავრობის პირველი ლიდერია, რომელსაც პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ კურცმა თავის ოპონენტებს ბრალი დასდო „შურისძიების თამაშში“. თუმცა დაამატა, რომ საბოლოო გადაწვეტილებას სექტემბრის ბოლოს ავსტრიელი ამომრჩეველი მიიღებს.

კურცის კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც რადიკალი-მემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერის და ყოფილი ვიცე-კანცლერის ჰაინც-ქრისტიან შტრახეს ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის ვითომდა რუსი ოლიგარქის ნათესავ ქალს ურიგდება. შტრახე ვიდეოში მასთან სამთავრობო კონტრაქტების მინიჭებას განიხილავს, საარჩევნო კამპანიაში დახმარების სანაცვლოდ. ვიდეო 2017 წელს, ესპანეთის კუნძულ იბიცაზე იმ არჩევნებამდეა გადაღებული, რომლის შედეგადაც კურცი და „თავისუფლების პარტია“ ხელისუფლებაში მოვიდა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, შტრახე ვიცე-კანცლერის თანამდებობიდან გადადგა. უცნობია, ვინ გადაიღო ვიდეო და რატომ დასჭირდა მის გამოქვეყნებას ამდენი დრო.

შტრახე ვიდეოში ამბობს, რომ მას უნდა ავსტრიაში უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერის „[ვიქტორ] ორბანის მსგავსი მედია გარემო შექმნას“ .

კურცის მოთხოვნით, მოგვიანებით, ავსტრიის პრეზიდენტმა „თავისუფლების პარტიის“ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა, რის საპასუხოდაც, „თავისუფლების პარტიის“ სხვა მინისტრებმაც დატოვეს თანამდებობები.

პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ხმის მიცემამდე, კურცმა განაცხადა, რომ ის ამაყობს საკუთარი მთავრობის მიღწევებით.

„მე ძალიან ამაყი და კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც ჩვენ, როგორც მთავრობამ გავწიეთ უკანასკნელ წელიწადნახევარში“, - განაცხადა კურცმა.

კვირას, ევროპარლამენტის არჩევნებში, კურცის ცენტრისტულმა-მემარჯვენე "ავსტრიის სახალხო პარტიამ" ხმების 34.9 პროცენტით ავსტრიაში პირველი ადგილი დაიკავა. სოციალ-დემოკრატებმა ხმების 23.6 % მიიღეს, ხოლო „თავისუფლების პარტიამ“ 18.1 პროცენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG