ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატლანტაში მომხდარმა დაძაბულობის ახალი ტალღა წარმოშვა


საპროტესტო აქცია კვირა ღამით, ატლანტაში
საპროტესტო აქცია კვირა ღამით, ატლანტაში

ატლანტაში პარასკევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ისევ განახლდა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები. რასიზმის წინააღმდეგ და პოლიციის რეფორმირების მოთხოვნით აქცია ჯორჯიის შტატის უდიდეს ქალაქში დღესაც იგეგმება.

კვირას აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, მაიამიში და ამერიკის ბევრ სხვა ქალაქში. დღეს დემონსტრაცია ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მდებარე ლაფაეტის პარკშიც იგეგმება.

კვირას გამართული აქცია ატლანტაში
კვირას გამართული აქცია ატლანტაში

ინციდენტი პარასკევს ღამით მოხდა. ატლანტის პოლიცია მიუახლოვდა კაფე "ვენდისთან" რიგში მდგარ მანქანას, რომელშიც შავკანიან მძღოლს 27 წლის რეიშარდ ბრუკსს ეძინა. პოლიციელებმა მისი დაკავება სცადეს.

როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, ბრუკსმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა. ბრუკსი გაიქცა და პოლიციელების წინააღმდეგ მათთვის წართმეული ელექტროშოკის იარაღი გამოიყენა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ესროლა, რის შედეგადაც ბრუკსი გარდაიცვალა.

ბრუკსის დაკავების მომენტი ვიდეოდან
ბრუკსის დაკავების მომენტი ვიდეოდან

"მანამ, სანამ მიმდინარეობს დებატები იმაზე, სწორი იყო თუ არა მომაკვდინებელი იარაღის გამოყენება, მე მტკიცედ მჯერა, რომ არსებობს მკვეთრი ზღვარი იმასთან, თუ რა შეგიძლია გააკეთო და რა უნდა გააკეთო. მე არ მგონია, რომ ეს მომაკვდინებელი იარაღის გამოყენების გამართლებული შემთხვევა იყო და ოფიცრის სასწრაფო გათავისუფლებისკენ მოვუწოდე" - თქვა ატლანტის მერმა კეიშა ბოთომმა.

პოლიციელი სამსახურიდან მეორე დღესვე დაითხოვეს. თანამდებობიდან გადადგა ატლანტის პოლიციის შეფიც. დემონსტრაციის მონაწილეებმა კი იმ კაფეს, სადაც ინციდენტი მოხდა, ცეცხლი წაუკიდეს.

"ჩვენ დავიღალეთ და გაღიზიანებულები ვართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გული გვაქვს გატეხილი, ასე რომ გვინდა სამართლიანობა რეიშარდ ბრუკსისთვის" - განაცხადა გარდაცვლილის ბიძაშვილმა ტაირა ბრუკსმა ატლანტაში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მათ უკვე დაკარგეს სამართალდამცავების ნდობა. ბრუკსის ოჯახი პოლიციელის გასამართლებას და დეპარტამენტში რეფორმებს ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG