ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სირიის რეჟიმზე ზეწოლის მეთოდები


შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ბაშარ ალ-ასადის ტირანული რეჟიმის მმართველობა სირიაში.

კონგრესის წინაშე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა დაწვრილებით აღწერა ის მეთოდები, რასაც ვაშინგტონი სირიის რეჟიმზე ზეწოლისთვის იყენებს.

ამერიკის მსგავსად ევროპაც შეუერთდა სირიის ცენტრალური ბანკის წინააღმდგ შემოღებულ სანქციებს და ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტზე დაწესებულ ემბარგოს.

არაბულმა ლიგამ შეაჩერა სირიის წევრობა ამ ორგანიზაციაში. არაბული სახელმწიფოების უმეტესობამ კი გაწყვიტა დამასკოსთან დიპლომატიური კავშირი. მათ ასევე გაყინეს სირიის ბანკის ანგარიშები.

არაბული ქვეყნების ლიგამ სირიაში ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი გეგმა შეიმუშავა, რომელსაც გაეროსთან ერთად მსოფლიოს 137 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

ტუნისში სირიის მეგობარი ქვეყნების სახელით სპეციალური კონფერენცია ჩატარდა, რომელმაც ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას. კონფერენციაში 60-ზე მეტმა სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა.

ამის საპასუხოდ სირიის მმართველმა რეჟიმმა კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სირიელი ხალხის დიდი ნაწილი გამუდმებული დაბომბვის პირობებში, სურსათ-სანოვაგის, სასმელი წყლის და მედიკამენტების გარეშე აგრძელებს არსებობას.

დაჭრილთა შორის მრავალი ქალი და ბავშვია, რომლებიც ელემენტარული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო იღუპებიან. ციხეებში ჩაყრილ უდანაშაულო ადამიანებს სასტიკად აწამებენ, მათი ოჯახები კი ყოველგვარი სახსრების გარეშე არიან დარჩენილნი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბატონი ფელტმანის განცხადებით შეერთებული შტატები ათობით მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს სირიაში მყოფ გაჭირვებულ ადამიანებს.

ვაშინგტონი მჭიდროდ ითანამშრომლებს სირიის ოპოზიციასთან ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის აშენების საქმეში, როდესაც საიმედოდ იქნება დაცული სირიელი ხალხის ფუნდამენტური უფლებები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეფრი ფელტმანის განცხადებით, სირიელი ხალხის ოპოზიციის და ამ ქვეყნის მეგობრების მიზანია იმგვარი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების გადაცემას დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის.

XS
SM
MD
LG