ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დემოკრატიული მაგალითი


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დემოკრატიული მაგალითი

ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი სახალხო ბრძოლა აზიაში ბევრს გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში მომხდარ მოვლენებს აგონებს. მაშინ აზიაში უპირისპირდებოდა ხალხი ავტორიტარულ მთავრობებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰედა ბაირონი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან იუწყება, რომ ფილიპინებსა და ინდონეზიაში ავტორიტარული ლიდერების დამხობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დემოკრატიული გარდაქმნის მაგალითს სთავაზობს.

როცა ქაიროში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე ანტი-სამთავრობო სახლახო დემონსტრაციების შემდეგ ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, როგორც იქნა, გადადგა, ფილიპინების პრეზიდენტმა ბენინიო აკინომ ეგვიპტელ ხალხს ფილიპინების სახელით სოლიდარობა აღუთქვა.

ბენინიოს დედა ფილიპინების, აწ გარდაცვლილი, პრეზიდენტი კორასონ აკინო გახლდათ. აღსანიშნავია, რომ კორასონ აკინომ 25 წლის წინ ფილიპინებში მომხდარი სახალხო რევოლუციის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სახალხო რევოლუციამ ფილიპინების დიქტატორის ფერდინან მარკოსის 20-წლიანი მმართველობა დაასრულა.

1986 წლის თებერვალში ათი ათასობით ფილიპინელი დედაქალაქ მანილას ქუჩებში გამოვიდა. მათ მალე სამხედროების ნაწილი შეუერთდა, რამაც მარკოსი და მისი ოჯახის წევრები აიძულა შეერთებულ შტატებში გაქცეულიყვნენ. ფილიპინებში მომხდარი ამბების შემდეგ, მსგავსი სახალხო მოძრაობები და დემოკრატიული ცვლილებები სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და ინდონეზიაში დადაიწყო.

მაგრამ, როგორც თავად ფილიპინელები აღნიშნავენ, დიქტატორის დამხობა ერთია, ხოლო დემოკრატიული რეფორმების ჩატარება კი სულ სხვა სახის ძალისხმევას მოითხოვს. მარკოსის გადადგომის შემდგომი წლები განსაკუთრებული არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ის სამხედროები, ვინც პოლიტიკაში აქტიურ და დომინანტურ პოზიციებს იკავებდნენ, სულ მალე უკმაყოფილონი აღმოჩნდნენ.

სტივენ რუდი ფილიპინებში ორგანიზაცია „აზიის ფონდის“ წარმომადგენელია. „აზიის ფონდი“ რეგიონში ეკონომიკური რეფორმების ჩატარებასა და სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს აფინანსებს. მისი თქმით:

„ამ პერიოდში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა იყო, რადგან სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას ძალაუფლების განაწილების ახალი მექანიზმი უნდა შეემუშავებინა. მართალია, სამხედროებმა დიქტატორის დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ახალი წყობა მათ ინტერესებს აკმაყოფილებდა,“ აღნიშნა სტივენ რუდმა.

როგორც ცნობილია, ეგვიპტეს სამხედრო ძალებმა მუბარაქზე ზეწოლა მოახდინეს, რის შედეგადაც იგი გადადგა. ამჟამად, ეგვიპტეს სწორედ სამხედროები მართავენ. სამხედროების მმართველობა იქ ექვს თვეს გაგრძელდება, ანუ იმ დრომდე ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები გაიმართება.

სამხედროების როლი შეშფოთებას იწვევდა ინდონეზიაშიც, სადაც 1998 წელს ხალხმა პრეზიდენტი სუჰარტო დაამხო. პოლიტიკური მიმომხილველების ერთი ნაწილი აკეთებდა პროგნოზს, რომ სუჰარტოს გარეშე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში დაიწყებოდა რელიგიური დაპირისპირებები და სეპარატისტული მოძრაობები, ხოლო სამხედროები ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში.

ნიშანდობლივია, რომ ინდონეზიაში სამხედროებს, როგორც უსაფრთხოების ისე პოლიტიკური ფუნქციები ეკისრებათ. მათთვის ქვეყნის პარლამენტში ადგილების გარკვეული რაოდენობა გარანტირებულია.

მაგრამ, როგორც მოვლენებმა ცხადყო, მიმომხილველების პროგნოზები არ გამართლდა. ინდონეზიის სამხედროები ცვალებად პოლიტიკურ ვითარებას შეეწყვნენ. სინგაპურში მდებარე რაჯარატნამის სახელობის საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელი ლეონარდ სებასტიანი ამასთან დაკავშირებით აცხადებს:

„იმ დროისთვის სამხედრო ძალები მოქიშპე ფრაქციებად იმდენად იყვნენ დაქუცმაცებულები, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობები ძალაუფლების მოპოვებისთვის უბრალოდ ვერ გამოიყენეს. ამას გარდა, ხალხი მათზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, ხოლო საერთაშორისო ასაპრეზზე შეერთებული შტატები არმიას მოუწოდებდა, რომ სამხედროები ხელისუფლებაში არ მოსულიყვნენ. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა რეფორმების მომხრე ოფიცერთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც პოლიტიკური ასპარეზიდან სამხედრო ძალების მოცილებას ცდილობდნენ. მათ სურდათ, რომ არმიას უფრო პროფესიული გეზი აეღო.“

XS
SM
MD
LG