ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეტრინ ეშტონმა ექსპრეზიდენტი მორსი მოინახულა


ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის განცხადებით, ეგვიპტის ყოფილი ლიდერი, მოჰამედ მორსი კარგად არის

ქაიროში ჩასულმა კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ეგვიპტის ექსპრეზიდენტი, მოჰამედ მორსი მოინახულა. მისი განცხადებით, ეგვიპტის ყოფილი ლიდერი კარგად არის, მას ტელევიზიის და გაზეთების საშუალებით ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, თუმცა, მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული რჩება.
კეტრინ ეშტონი მანამდე გარდამავალი მთავრობის და ოპოზიციური ჯგუფების, მათ შორის „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერებსაც შეხვდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ ეგვიპტეში იმისთვის არ ჩასულა, რომ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება მოახვიოს თავზე. კეტრინ ეშტონის ვიზიტის მიზანია მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი გამოსავლის მონახვა, რომელზე შეთანხმებასაც ყველა მხარე შეძლებს, რათა ქვეყანა ადგილიდან დაიძრას და წინ წავიდეს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეგვიპტეში უკვე მეორედ ჩავიდა.
XS
SM
MD
LG