ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში "კოვიდ-19”-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 600 ათასს გადაცდა


სააგენტო “როიტერის” თანახმად, ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა გადაკვეთა მძიმე ზღვარი, “კოვიდ-19”-ით გარდაცვალების 600 ათასი შემთხვევა. აცრების ტემპის შენელება საფრთხეს უქმნის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანს, მიაღწიოს შეერთებული შტატების მოსახლეობის 70 პროცენტისთვის სულ მცირე ერთი აცრის მიღებას 4 ივლისისთვის.

აშშ-ში ვაქცინაციის საწყისი ეტაპის წარმატებამ, ქვეყანაში “კოვიდ”-ით გარდაცვალებების დინამიკაზე უზარმაზარი გავლენა იქონია.

აშშ-ში “კოვიდ-19”-ით გარდაცვალების 500 ათასი შემთხვევიდან 600 ათასამდე ასვლას 113 დღე დასჭირდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ, შემთხვევების რიცხვის მეორე ყველაზე ნელი ზრდა იყო. გარდაცვალების 400 ათასიდან 500 ათას შემთხვევამდე ქვეყანა სულ 35 დღეში მივიდა.

აშშ-ში გარდაცვალებების შვიდი დღის საშუალო რიცხვი, იანვრის პიკთან შედარებით, თითქმის 90 პროცენტით დაეცა. “როიტერის” მონაცემებით, მაისში კორონავირუსთან დაკავშირებული 18,587 გარდაცვალება აღირიცხა, რაც იანვართან შედარებით დაახლოებით 81 პროცენტით ნაკლებია.

მართალია პანდემიის ეპიცენტრმა ისეთ ქვეყნებში გადაინაცვლა, როგორიც ბრაზილია და ინდოეთია, გარდაცვალეების მთლიანი რიცხვის მიხედვით, შეერთებული შტატები ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნად რჩება.

მაგრამ ქვეყანაში ამ დროისთვის, უკვე 166 მილიონი მოზრდილი ადამიანი, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით მაინც უკვე აიცრა, თუმცა აპრილის შუა რიცხვების პიკთან შედარებით, აცრების ტემპმა მკვეთრად იკლო.

აპრილის შემდეგ, ვაქცინაციის გამო, “კოვიდ-19”-ით ჰოსპიტალიზაციის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელიც მკვეთრად დაეცა. 2 ივნისისთვის, ჰოსპიტალიზებული პაციენტების მთლიანი რიცხვი 20 ათასზე ნაკლები იყო, რაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პირველად მოხდა.

თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრების ბოლო მონაცემების თანახმად, ვირუსის ახალი, უფრო ადვილად გადამდები ვარიანტების გავრცელების დაწყებასთან ერთად, ჰოსპიტალიზაცია მოზარდებში გაიზარდა.

“როიტერის” ანალიზი აჩვენებს, რომ მარტის შემდეგ “კოვიდ-19”-ის დაავადების შემთხვევებიც კლებულობდა და მაისში, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა.

ფედერალური და შტატების მთავრობები სტიმულირების სხვადასხვა ხერხს იყენებენ, რათა ჯერ კიდევ აუცრელი ადამიანები აცრის საჭიროებაში დაარწმუნონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების თანახმად, კვირის მონაცემებით, აშშ-ს მოსახლეობის თითქმის 52 პროცენტმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.

XS
SM
MD
LG