ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქეები მოუთმენლად ელიან დამოუკიდებლობის დღეს


ახლად ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქეები მოუთმენლად ელიან დამოუკიდებლობის დღეს
ახლად ნატურალიზებული ამერიკელი მოქალაქეები მოუთმენლად ელიან დამოუკიდებლობის დღეს

4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ახლად ნატურალიზებული შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს შეერთებულ შტატებში იმართება აღლუმები, ფეირვერკები და ოჯახები იკრიბებიან ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღსანიშნავად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტმა მაიკ ოსალივანმა შეიტყო ლოს ანჯელესში ცოტა ხნის წინ გამართულ ამერიკის მოქალაქეობის მიღების ცერემონიაზე, სადაც ათასობით იმიგრანტმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღო, ახლად ნატურალიზებული მოქალაქეებისთვის ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ისინი ლოს ანჟელესის მთავარ საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ. ამერიკის მოქალაქეობის მიღებისა და შეერთებული შტატებისადმი ერთგულების ფიცის დადების ცერემონიას დილით სამი ათასი პირი ესწრებოდა. ხოლო შუადღეს მოქალაქეობისა და ფიცის დადების მიზნით კიდევ სამი ათასი ადამიანი გამოცხადდა.

მოქალაქეობის მისაღებად მოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. ბევრი წარმოშობით მექსიკელი, ფილიპინელი და ირანელია. სულ აქ 110 ქვეყნის წარმომადგენელმა შეიყარა თავი. ზოგი შეერთებულ შტატებში მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსით ათწლეულების მანძილზე ცხოვრობდა. ჟანგ ჩიანი ჩინელია, რომელმაც ამერიკაში უკვე ხუთი წელი გაატარა. მისი თქმით:

„მე სიამაყის გრძნობა მეუფლება იმის გამო, რომ მე ამ ქვეყნის ნაწილი გავხდი. ძალიან გახარებული ვარ.“

ახლად ნატურალიზებული მოქალაქეები შეერთებულ შტატებს, ამერიკის კონსტიტუციასა და მის კანონებს ერთგულების ფიცს აძლევენ. რუმინელი ზიგმონდ ბალა და მისი ოჯახი მადლიერების გრძნობით არიან აღსავსე. ბალას თქმით:

„დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დარჩენის უფლება მოგვეცა და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი ამერიკელები გავხდით.“

ახლად ნატურალიზებული მოქალაქეები მოუთმენლად ელიან არჩევნებს, როცა მათ პირველად ხმის მიცემის უფლება მიეცემათ.

საკონფერენციო დარბაზის გარეთ კი დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები ახლად ნატურალიზებულ მოქალაქეებს რეგისტრაციას სთავაზობენ.

კარა ნოუბლი ბრიტანელია და ის არჩევნებს ელის. სხვებთან ერთად იგი მოახლოვებულ 4 ივლისის დღესასწაულს პირველად როგორც ამერიკელი მოქალაქე იზეიმებს. ამასთან დაკავშირებით კარა აღნიშნავს:

„ეს იქნება განსაკუთრებულად შესანიშნავი დღე ჩემთვის. ლუდს მივირთმევ ალბათ და პლაჟზე გამოვალ ალბათ. რასაკვირველია ფეიერვერკებიც იქნება.“

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ 4 ივლისს იმის გამო, რომ სწორედ 1776 წლის 4 ივლისს ქვეყნის დამაარსებლებმა ბრიტანეთთან კავშირი გაწყვიტეს და ამერიკა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.

ახლად ნატურალიზებულ მოქალაქეებს შორის ზოგი უკვე მსახურობს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში. სხვები კი სამხედროებზე დაქორწინებულები არიან.

ბევრი აღნიშნავს, რომ მათ ეამაყებათ მოქალაქეობის მიღება. მათ შორის არის მექსიკელი სალვადორ ალკალა.

ალკალა ამაყობს მიღებული მოქალაქეობით რადგან მისი თქმით ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა.

ენდრიუ რიზკი და მისი ოჯახი ამერიკაში ეგვიპტიდან ჩამოვიდნენ. ისინი აქ ექვსი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. რიზკი აღნიშნავს, რომ ყოველ 4 ივლისს იგი ოჯახთან ერთად პლაჟზე ზეიმობს და წელსაც იგივეს აპირებს. მისი თქმით:

„ეს უკვე ტრადიცია გახდა. ჩვენ ყოველთვის მივდივართ ჰანტინგტონის პლაჟზე და იქ ფეირვერკებს ვუყურებთ.“

ახლად ნატურალიზებული ამერიკელი ასტარა როდრიგესი ინდოეთიდან არის წარმოშობით. მისთვის 4 ივლისი მისი უსაყვარლესი დღესასწაულია. მისი თქმით:

„მე ყოველთვის ვზეიმობ 4 ივლისს. ამ დღესასწაულის აღსანიშნავად ჩვენ ერთად ვიკრიბებით.“

ცერემონიის შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ამერიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები. ბევრმა ოჯახის წევრებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი მომენტის აღმბეჭდავი ფოტოები გადაიღო. ამ სადღესასწაულო მომენტის შემდეგ ისინი კიდევ ერთ დღესასწაულს იზეიმებენ მალე, როცა 4 ივლისს ამერიკას 234 წელი შეუსრულდება.

XS
SM
MD
LG