მორიგი სექსუალური სკანდალის შემდეგ ჯორჯიელი ბიზნესმენი ჰერმან კეინი, რომელიც ორიოდ კვირის წინ რესპუბლიკელ კანდიდატთა რეიტინგებს ლიდერობდა, აცხადებს, რომ ის წინასაპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
როდესაც ბატონი კეინი კამპანიის მორიგ ღონისძიებაზე ცოლთან ერთად ხელიხელჩაკიდებული მივიდა, თაყვანისმცემლები მას მუსიკით და მხურვალე აპლოდისმენტებით მიეგებნენ. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ბიზნესმენი საპრეზიდენტო მარათონზე უარის თქმას აპირებდა.
აუდიტორიას უკმაყოფილება ჰერმან კეინის ტრიბუნასთან მისვლის შემდეგ დაახლოებით ათ წუთში შემდეგი სიტყვების მოსმენისას დაეტყო:
„დღეს უამრავი ლოცვის და სულიერი ძიების შემდეგ გადავწყვიტე, რომ საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლა შევწყვიტო. ბრძოლა, რომელმაც უამრავი ნერვიულობა და ტკივილი მოგვიტანა მე და ჩემს ოჯახს“ - განაცხადა სულ რამდენიმე კვირის წინ ყველაზე პოპულარულმა რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
ბატონმა კეინმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მხარდამჭერებისთვის იმედის გაცრუება უწევს, მაგრამ მან ასევე ისაუბრა სათადარიგო გეგმის შესახებ, რომლის მეშვეობითაც ის ვაშინგტონში ცვლილებებისთვის ბრძოლას ახალი ვებგვერდის საშუალებით გააგრძელებს.
სიტყვით გამოსვლისას ჰერმან კეინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მართლია ის არ არის უნაკლო მამაკაცი, მაგრამ საკუთარ სინდისთან, ღმერთთან და მეუღლესთან მართალია და რომ სკანდალური ბრალდებები მის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.