ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასწრაფო ევაკუაცია გერმანიაში


სპეციალისტები მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბების გაუვნებელყოფაზე იწყებენ მუშაობას

დასავლეთ გერმანიის ქალაქ კობლენცში 45 000 ადამიანის დაუყოვნებლივი ევაკუაცია გამოცხადდა. სპეციალისტები მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბების გაუვნებელყოფაზე იწყებენ მუშაობას, რომელიც მდინარე რეინზე იპოვეს.

1.8 ტონიანი ბომბი დაახლოებით 60 წლის წინ სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის ავიაციის მიერაა ჩამოგდებული. ის სრულიად შემთხვევით ხანგრძლივი გვალვის გამო მდინარის დონის დაწევის შედეგად აღმოაჩინეს. მოგვიანებით შორიახლოს კიდევ ორი შედარებით მცირე ზომის ბომბი იპოვეს.

მათ გარშემო ორკილომეტრიან რადიუსში მოსახლეობის სრული ევაკუაციაა გამოცხადებული. ექსპერტები მათ გაუვნებელყოფას კვირას შუადღეზე გეგმავენ. ჯერ წყლის გატუმბვა მოხდება, ბომბების გაშრობის შემდეგ კი მათზე სპეციალისტები დაიწყებენ მუშაობას.

კობლენცისკენ მიმავალი ყველა გზა და ლიანდაგი გადაკეტილია და ტერიტორია ქვიშის ტომრებითაა შემოკავებული. ქალაქის თითქმის ნახევარი დაცლილია. ევაკუირებულია 7 მოხუცებულთა სახლი, ორი საავადმყოფო და სასჯელაღსრულების დაწესებულება. ეს ყველაზე დიდი ბომბთან დაკავშირებული ევაკუაციაა გერმანიის ომისშემდგომ ისტორიაში.

XS
SM
MD
LG