პაკისტანელმა კომანდოსებმა აღადგინეს კონტროლი სამხედრო-საზღვაო ბაზაზე თალიბებთან 17 საათიანი ბრძოლის შემდეგ.
ყარაჩის პორტში მომხდარი თავდასხმის დროს პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით უშიშროების 10 თანამშრომელი დაიღუპა და 14 დაიჭრა.
პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რეჰმან მალიქის განცხადებით კბილებამდე შეიარაღებული თალიბები შავ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და კიბეებით გადაძვრნენ ბაზის ტერიტორიაზე. გააფთრებული ბრძოლის შედეგად 4 თავდამსხმელი მოკლეს და ორმა მათგანმა როგორც ჩანს მიმალვა მოახერხა.
თალიბების განცხადებით, აღნიშნული თავდასხმა ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო მომხდარი შურისძიების აქტია.
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თავდასხმის დროს ბაზაზე 6 ამერიკელი და 11 ჩინელი კონტრაქტორი იმყოფებოდა, რომლებმაც მშვიდობიანად დატოვეს ბაზის ტერიტორია.
თალიბებმა პაკისტანისთვის ამერიკელების მიერ ნაჩუქარი ორი სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურეს.