ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები ქალები სახჩობელას გადაურჩნენ


დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე

საქართველოს მოქალაქეებს, 28 წლის ბაბუცა გორდაძესა და 38 წლის დარეჯან კოხტაშვილს მძიმე ნარკოდანაშაულისთვის მალაიზიაში მხოლოდ რვა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორივე ქალბატონი მალაიზიის ათ კილოგრამზე მეტი მძიმე ნატკოტიკის „სუაბუს“ გადატანის დროს დააკავეს.

მალაიზიური კანონმდებლობით მათ სახრჩობელა ელოდათ, თუმცა საქართველოს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, გორდაძე და კოხტაშვილი სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ. მთავარ პროკურატურაში არ მალავენ, რომ ასეთი „რბილი“ განაჩენი მალაიზიის პროკურატურასთან პირადი ურთიერთობების წყალობით დადგა.

ორი ქვეყნის პროკურორების მოლაპარაკებით შესაძლებელი გახდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებებისა და შესაბამისად, ბრალდების „შეცვლა“, რამაც ქართველ ქალბატონებს სიცოცხლე შეუნარჩუნა. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალისტი, ეკა იაკობაშვილი, რომელიც ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციაში მუშაობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სახის განაჩენის დადგომა სინამდვილეში ბევრმა ფაქტორმა განაპირობა:

„რა თქმა უნდა, შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მოხდა სახელმწიფოებს შორის გარიგების მიღწევა, პროკურატურის დონეზე, რაც ამ შემთხვევაში გამოიხატა იმაში, რომ მალაიზიის პროკურატურამ შეცვალა ბრალდება. სასამართლომ კი არ გამოიტანა მსგავსი განაჩენი, არამედ, პროკურატურას არ წაუყენებია მსგავსი ბრალდება სასამართლოში ქართველი ქალბატონებისთვის.

თუ პროკურატურა იტყოდა, რომ ეს არის სავალდებულო სიკვდილით დასჯის მუხლი, ამ შემთხვევაში მოსამართლე ვერაფერს იზავდა. ამიტომ პროკურატურამ შეცვალა ბრალდება და წავიდა უფრო მსუბუქ სასჯელზე. ეს გახლავთ პროკურორული ძალაუფლების საკმაოდ მაღალი დონე მალაიზიაში, ეს საკმაოდ ნაცნობია ჩვენთვისაც, საქართველოს საზოგადოებისთვის.“

ზიანის შემცირების საერთაშორისო ასოციაციაში ქართველი ქალბატონების წინააღმდეგ გამოძიებას თავიდანვე ყურადღებით აკვირდებოდნენ. ეკა იაკობაშვილი შარშან ნოემბერში მალაიზიაში პირადად იმყოფებოდა.

ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების ცნობით, 2012 წლის თებერვლისთვის, მალაიზიაში 860 ადამიანს ჰქონდა სიკვდილი მისჯილი, აქედან ¾ ნარკოდანაშაულისთვის არის გასამართლებული.

616 სიკვდილმისჯილის საქმე მალაიზიის სააპელაციო სასამართლოშია, 94 - ფედერალურ სასამართლოში, 150 საქმეს კი შეწყალების საბჭო განიხილავს.

მალაიზიაში სიკვდილმისჯილთა 30 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა, თუმცა ეკა იაკობაშვილი ხაზს უსვამს ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ქართველ მსჯავრდებულებს ასევე დაეხმარა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მალაიზიაში არცერთი ევროპელისთვის სიკვდილი არ მიუსჯიათ:

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არცერთი ევროპელი თეთრკანიანი არ გამხდარა სიკვდილით დასჯის სუბიექტი, უფრო მეტიც, ამ ხნის მანძილზე ევროპელისთვის არ მიუსჯიათ სიკვდილი, რაც მალაიზიის სახელმწიფოს პოლიტიკაა.

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 35 ქვეყნის მოქალაქე ზის მალაიზიის ციხეებში, რომლებსაც შესაძლოა ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილი მიესაჯოთ, თუმცა აქედან, ევროპას თუ ავიღებთ, არის რუსეთის წარმომადგენელი და ორი კვირის წინ გერმანიის ორი მოქალაქე დააკავეს.“

როგორც ადგილობრივი, ისე ევროპელი ექსპერტები ხაზს უსვამენ გორდაძე-კოხტაშვილის საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურის პარადოქსულ როლს.

ანალოგიური დანაშაულისთვის საქართველოს ოთხი მსჯავრდებული ქალბატონი ჰყავს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ქართული კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიულია რეგიონში. ეკა იაკობაშვილი ამბობს:

„რა თქმა უნდა დღეს არავინ არ იცის, ეს ქალბატონები რა როლის მატარებლები იყვნენ ამხელა დოზის ამფეტამინთან დაკავშირებით. შესაძლოა არ იცოდნენ რას აკეთებდნენ; მეორე - იცოდნენ მაგრამ სიდუხჭირის გამო გარისკეს, ეს ძალიან ხშირად ხდება; მესამე - შესაძლოა მოხდა ამ ქალბატონების დაშინება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქალბატონები საკმაოდ იღბლიანები აღმოჩდნენ.

მსგავსი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოში ისინი ციხიდან ვერასდროს გამოვიდოდნენ. თუ ავიღებთ ნარკოდანაშაულ ბრძოლის სტატისტიკას, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სამჯერ მეტ ქალს იჭერენ ნარკოტიკების გამო, ვიდრე აზერბაიჯაში, სადაც გაცილებით მეტი ქალი ცხოვრობს; და მრავალჯერ მეტჯერ, ვიდრე სასომხეთში.“

ჯერჯერობით, უცნობია რა ბედი ელის ბაბუცა გორდაძის მეუღლეს ელდარ დავითიანს, რომელმაც შარშან, ეს დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და 15 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ქართული პროკურატურის მხრიდან ეს საჩვენებელი დასჯა იყო, მალაიზიის პროკურატურაზე ეფექტი მოეხდინა და შესაძლებელია ეს განაჩენი გადაიხედოს. ასევე უცნობია, მოახერხებს თუ სახელმწიფო გორდაძისა და კოხტაშვილის მალაიზიიდან ქართულ ციხეში გადმოყვანას, რასაც მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ითხოვენ.

ამ 18 თვიანი ტრაგიკული ისტორიის შემდეგ, რომელსავ „ჰეფი ენდი“ ნამდვილად ჰქონდა, უფლებადამცველები მოელიან, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის, რეპრესიული პოლიტიკა შეიცვლება, მით უმეტეს, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2007 წელთან შედარებით საქაღთველოში ნარკოდანაშაულმა 53 პროცენტით იკლო.









XS
SM
MD
LG