ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინფორმაცია ინფორმაციის შესახებ


ნიუ იორკში ინტერნეტის კვირეული დაიწყო

ერთი ადამიანისთვის მთელი ამ ინფორმაციის მიღება და აღქმა წარმოუდგენელია, ამბობენ ყოველწლიურ ფესტივალზე მოსული სტუმრები. ნიუ იორკში ინტერნეტის კვირეული უკვე მეხუთედ იმართება.

თომას სთიმფსონი ტექნოლოგიური მარკეტინგის კონსულტანტია და კვირეულზე უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების ნახვა აინტერესებს. პირადი მოხმარებისთვის ამბობს, რომ ლეპტოპზე და ტაბლეტზე დიდად არის დამოკიდებული:

„რაც აიფედი შევიძინე, მას შემდეგ ვიდეოების ყურება უზომოდ დავიწყე. ძალიან იოლია ტახტზე ჯდომა საღამოს, ან საწოლში იუ-თუბის ყურება“.

სთიმფსონის თქმით ახალმა ტექნოლოგიებმა არამარტო ვიდეოების, არამედ ახალი ამბების გაცნობის ფორმაც შეუცვალა. თავიდან ტელევიზორით იგებდა ახალ ამბებს, შემდეგ - ინტერნეტ საიტებით. ახლა კი ვებ-გვერდებსაც იშვიათად სტუმრობს:

„გაცილებით ნაკლებ ახალი ამბების საიტებს ვნახულობ. ინფორმაცია ტელეფონზე მომდის თვითერით. როცა ლოდინი მიწევს, უცებ ვნახულობ ახალ ამბებს თვითერზე“.

მილიონობით სტიმფსონისმაგვარი ახალი ამბების მომხმარებელი ძალიან იოლად ირგებს ახალ ტექნოლოგიებს. მელისა ლაფსი ვოლი, „ნიუზვიქის“ რედაქტორი ამბობს, რომ მათი რედაქცია ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონული ინფორმაციის მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზოს და მათი ყურადღება საიტზე რაც შეიძლება დიდ ხანს შეაყოვნოს.

„ჩვენი მოვალეობაა მკითხველს სარედაქციო წერილის, ორიგინალური რეპორტაჟების, ლამაზი ფოტოების და საინტერესო ინტერაქტივების ფანტასტიური ნაკრები მივაწოდოთ. ვცდილობთ ისინი ჯერ საიტზე მოვიზიდოთ და შემდეგ რამდენიმე ხნით დავტოვოთ“ - აღნიშნავს „ნიუზვიქის“ ინტერნეტ-გვერდის რედაქტორი.

ინტერნეტი სთიმფსონსაც აძლევს იმის საშუალებას თვითონ იყოს ინფორმაციის შემრჩევიც და რედაქტორიც, და საკუთარი ინტერესების მიხედვით გადავიდეს ახალ ინფორმაციაზე.

„ყველაზე უფრო ის მომწონს, რომ ინფორმაცია ჩემი ინტერესების მიხედვით არის ერთ ადგილას შეკრებილი. ორგანიზებულობა დროს მაზოგინებს, არ მიწევს, მაგალითად ხელოვნების შესახებ ახალ ამბებში ქექვა და ძებნა იმის, რაც მჭირდება“ - ამბობს ის.

სატელევიზიო საინფორმაციო არხების მოხმარებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი თაობის ინტერაქტიულმა ტელევიზიამ თვითონ საინფორმაციო სამსახურების მუშაობის სპეციფიკაც შეცვალა. ტრადიციული ეთერი კომპიუტერულ ტექნიკას ერწყმის და მაყურებელს დროს მაქსიმალურად უზოგავს.

ჯორჯ რასინკი ნიუ იორკის ინტერნეტის კვირეულზე კომპანია „ელ-ჯის“ წარმოადგენს:

„ტელემაყურებელს ვუადვილებთ მართვის პულტის ფუნქციებს, როგორიცაა მაგალითად გადაცემის მოძებნა. პულტი კომპიუტერის კლავიატურას გავს. ეძებ, მონიშნავ, აძლევ ჩაწერის განკარგულებას. ხმოვანი განკარგულების ფუნქციაც აქვს. შემდეგ, როცა მოიცლი, უყურებ. კომპიუტერული პროგრამები ძალზე სწრაფად იხვეწება“ - ამბობს ტელევიზორების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი.

ნიაღვარივით მოვარდნილი ინფორმაციის პირობებში იმ სპეციფიური ნაკადის მოძებნა, რომელიც მომხმარებელს აინტერესებს, თანდათან უფრო რთული ხდება. სწორედ ამიტომ ინტერნეტ-კვირეულის მონაწილე 500 კომპანიის უმეტესი ნაწილი სწორედ ისეთ ტექნოლოგიებს წარმოადგენს, რომელიც ინფორმაციის მართვას და მის ინდივიდუალურ მორგებას აიოლებს.

XS
SM
MD
LG