ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: პაველ ფელგენჰაუერი


რუსი სამხედრო საკითხების ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი საკმაოდ ცნობილია თავისი გამომწვევი ანალიტიკური სტატიებითა და პროგნოზებით. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა ბატონ ფელგენჰაუერს რუსეთ-ამერიკისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით.

რუსი სამხედრო საკითხების ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი საკმაოდ ცნობილია თავისი გამომწვევი ანალიტიკური სტატიებითა და პროგნოზებით. ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა ბატონ ფელგენჰაუერს რუსეთ-ამერიკისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით.

კითხვაზე თუ რით არის განპირობებული რუსეთის მთავრობის ესოდენ მწვავე რეაქცია შეერთებული შტატების „პატრიოტის“ ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემის დისლოცირებაზე პოლონეთში - შიდა ფაქტორებითა თუ საგარეო პოლიტიკით, ფელგენჰაუერმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„რუსეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა. მართალია არადემოკრატიულ ქვეყნებშიც მოსახლეობის აზრს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ის გადამწყვეტ ფაქტორს ნამდვილად არ წარმოადგენს. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ რუსი ხალხი არ ირჩევს საკუთარ ლიდერებს და არ განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას. ამდენად საგარეო პოლიტიკის სფეროში სიგნალები არა შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი არამედ ქვეყნის გარეთ მყოფი აუდიტორიისთვის. ხოლო რაც შეეხება მოსახლეობას, მის მსოფლმხედველობას მართვადი პროპაგანდისტული მედია ანვითარებს.“

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ ხელმოწერილ სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირებასთან დაკავშირებულ ახალი ხელშეკრულების რატიფიცირებას რუსეთის პარლამენტის მიერ, ფელგენჰაუერი აღნიშნავს:

„ამჟამინდელი რუსეთის პარლამენტი საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს წააგავს, ანუ ის აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ბრძანებას ასრულებს. თუ რუსეთის ხელმძღვანელობას მოუნდა, კანონმდებლები ამ ხელშეკრულებას მყისვე მიიღებენ. მაგრამ ამჟამად კრემლის ლიდერებს არ სურთ აღმოჩნდნენ უხერხულ მდოგმარეობაში, როცა რუსეთი ხელშეკრულების რატიფიცირებას დაასრულებს, ხოლო შეერთებული შტატების სენატი ამ დოკუმენტის რატიფიცირებას შეაფერხებს ან შეიძლება სულაც არ მიიღოს. ამდენად ტაქტიკური თამაშის არსი ის გახლავთ, რომ რუსეთის პარლამენტი ხელშეკრულებას მიიღებს შეერთებული შტატების სენატის მიერ მისი რატიფიცირების პარალელურად ან ოდნავ მოგვიანებით. ასე რომ მოსკოვში გავრცელებულია შეხედულება რომ ამ ხელშეკრულების რატიფიცირება წინასწარ გადაწყვეტილია, თუ, რასაკვირველია, ამერიკის სენატი მას დაამტკიცებს.“

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახალ მთავრობას ხშირად პრორუსულ ორიენტაციაში ადანაშაულებენ, ვიქტორ იანუკოვიჩმა ახლახან უარი განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობის აღიარებაზე. აი რას ფიქრობს კიევის უარზე ფელგენჰაუერი:

„ეს მე აღმოსავლურ ბაზარზე ვაჭრობას მაგონებს. შავი ზღვის ფლოტისთვის სევასტოპოლის საზღვაო ბაზის იჯარის გაგრძელებისთვის იანუკოვიჩი და მისი მომხრე ოლიგარქები აღმოავლეთ უკრაინაში, რომლებიც იქ მეტალურგიულ და ქიმიურ მრეწველობას აკონტროლებენ და რომელბსაც შედეგად რუსეთის იაფი ბუნებრივი აირი სურთ, უბრალო გარიგებაზე წავიდნენ - სევასტოპოლის ბაზა ბუნებრივი აირის სანაცვლოდ. მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სულ სხვა საკითხია და თუ რუსეთს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება სურს უკრაინისგან, მას შესაბამისი საფასურის გადახდა მოუხდება. ამ ქვეყნად ხომ არაფერია უფასოდ.“

კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელია თბილისის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის შეცვლა საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ფელგანჰაუერმა ასეთი პასუხი გაგვცა:

„მოსკოვში გარკვეული დროის მანძილზე უკვე არსებობდა შეხედულება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განწყობილ ოპოზიციას უბრალოდ არ გააჩნია უნარი და ხალხის მხარდაჭერა რეჟიმის შეცვლის თვალსაზრისით, დემოკრატიულად თუ სხვაგვარად. ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა უბრალოდ დაადასტურა ამ შეხედულების სიმართლე. ამდენად რუსეთმა თბილისის ამჟამინდელ რეჟიმთან რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, ანდა პირიქით, ის მდგომარეობის დესტაბილიზაციასა და რეჟიმის შეცვლას სხვა მეთოდების გამოყენებით შეეცდება. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადგილობრივი არჩევნების შედეგები ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ან რეჟიმის შეცვლის სტრატეგიას ამოირჩევს ან თბილისის ამჟამინდელი რეჟიმის არსებობას შეეგუება. რაიმე სხვა სცენარის მე უბრალოდ ვერ ვხედავ.“

ინტერვიუს ბოლოს ბატონმა ფელგენჰაუერმა ამგვარად გამოეხმაურა ცნობას ცხინვალის მახლობლად ახალი სარადარო სადგურის მშენებლობის შესახებ:

„რასაკვირველია რუსეთი ამჟამად საკმაოდ დიდ ინვესტიციებს აბანდებს სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში როგორც აფხაზეთში ისე სამხრეთ ოსეთში. განსაკუთრებით ეს სამხრეთ ოსეთს ეხება რადგან იქ ზამთარსა და გაზაფხულში ზვავებისა და მეწყერების გამო რუსეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი გზა ხშირად არ ფუნქციონირებს. ამდენად რუსეთის სამხედრო ძალები იქ საკმაოდ იზოლირებულები არიან, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით არ არის ხელსაყრელი. ამ მხრივ მამისონის უღელტეხილი მნიშვნელოვანია რადგან მართალია იქ მოძრაობა მხოლოდ ივლისსა და აგვისტოშია შესაძლებელი, ის ჩრდილოეთ ოსეთს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს. ამდენად ამ უღელტეხილის გაკონტროლება მნიშვნელოვანია, რადგან როცა იქ მოძრაობა შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მძიმე ტექნიკის გადაადგილება, ტანკების ჩათვლით.“

XS
SM
MD
LG