ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპანტები "ბარტერს" ითხოვენ


ამ დრომდე სარწყავი წლის გარეშეა დარჩენილი კასპის რაიონის სოფლები.

ახალგორის გამგებელს, ზურაბ ფიცხელაურს ახლა განსხვავებული ფუნქციის შეთავსებაც უწევს. იგი ერთადერთი ადამიანია ახალგორის ადმინისტრაციიდან, რომელიც სისტემატურად გადადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დე-ფაქტო ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას.

ამჟამად ახალგორის დე-ფაქტო ადმინისტრაციას მორიგი ულტიმატუმი აქვს წამოყენებული. მათ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტეს ახალგორისა და კასპის რაიონის სოფლებს და აცხადებენ, რომ წყალს არ გამოუშვებენ მანამ, ვიდრე ქართული მხარე არ დათანხმდება პირობას ოკუპირებული ტერიტორიისთვის გაზის მიწოდების თაობაზე. ამ დრომდე სარწყავი წლის გარეშეა დარჩენილი კასპის რაიონის სოფლები: ლამისყანა, იგოეთი, თეზი და ოკამი, ასევე არა მარტო სარწყავი, არამედ სასმელი წყალიც კი შეწყვეტილი აქვს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისს, რომელიც წყალს ოკუპირებული ტერიტორიიდან იღებდა.

ზურაბ ფიცხელაური განმარტავს, რომ ახალგორისთვის გაზის აღდგენა ბევრ ტექნიკურ სირთულეს უკავშირდება. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება ახალგორში ომის შემდეგ შეწყდა მილების დაზიანების გამო. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიას ბუნებრივი აირით რუსული კომპანია „იტერა“ ამარაგებდა, რომელთანაც, წესით მოლაპარაკება ინდივიდუალურად უნდა აწარმოოს შემსყიდველმა, დგას მეორეც, რუსული კომპანიისთვისაც კი აღსასრულებლად წარმოუდგენელი საკითხი, რაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ბუნებრივი აირის საფასურის ამოღებას უკავშირდება.

ახალგორში 2008 წლის ომამდე წყლის მილებისა განახლებისა და სათავე ნაგებობის აღდგენის პროცესი იყო დაწყებული, რისთვისაც ადმინისტრაციას ხსენებული სამუშაოსთვის საჭირო ყველა მასალა უკვე შეძენილი ჰქონდა. დევი ოვაშვილი, პარლამენტის დეპუტატი ახალგორიდან, რომელიც ამჟამად დევნილია, ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შეძენილი მილები და ყველა სხვა დეტალი, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც დარჩა, დაიტაცეს.

ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ამბობს, რომ პასუხისმგებლობა გაზის მიწოდების თაობაზე „იტერამ“ უნდა აიღოს, რადგან, აუცილებელია არსებობდეს ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი უწყება.

რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ახალგორისთვის გაზის მიუწოდებლობის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სამხედრო ბაზები, რომელიც რუსეთმა ახალგორში ოკუპაციის შემდეგ გააკეთა. ამ ინფორმაციის თანახმად, ქართულ მხარეს წარმოუდგენლად მიაჩნდა რუსული სამხედრო ბაზების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა. ჩვენთან საუბრისას ზურაბ ფიცხელაურმაც დაადასტურა, რომ ახალგორში ყაზარმები რუსული ჯარისთვის მართლაც არის, რომლებსაც ბუნებრივი აირით მომარაგება, ბუნებრივია, დაჭირდება.

XS
SM
MD
LG