ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის ლიბიური დილემა


ვაშინგტონის ლიბიური დილემა

ამერიკელი პოლიტიკოსები ლიბიის ოპერაციაზე მსჯელობენ

როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კანონმდებლები პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მან ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე კონგრესისგან ავტორიზაცია არ მოითხოვა.

„ფოქსნიუსის“ ეთერში საუბრისას დამოუკიდებელმა დემოკრატმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკელ ხალხს უნდა გააგებინოს თუ რა მისია აკისრია ამერიკის შეიარაღებულ ძალებს ლიბიაში და რა არის მათი საბოლოო მიზანი.

„ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ლიბიაში მუამარ კადაფის გადაგდებას არ ვცდილობთ. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის,“ - განაცხადა ლიბერმანმა.

ლიბერმანის განცხადებით, კადაფი გადადგება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ნატოს უფრო აქტიურად დაეხმარება ოპერაციის წარმოებაში. მან ისიც აღნიშნა, რომ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება:

„ვიცი, რომ ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ჩემი აზრით, თუ იქნება კარგად ჩამოყალიბებული არგუმენტი ლიბიაში ჩვენი მოქმედებების გასამართლებლად, ამ ოპერაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირდება.“

ტელეკომპანია „ფოქსის“ ეთერში რესპუბლიკელი სენატორი ლინზი გრაამიც გამოვიდა. მისი თქმით, კადაფის მთავრობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„თუ მიზანი ლიბიელი ხალხის და მათი უფლებების დაცვაა, ამის მისაღწევად საუკეთესო საშუალება კადაფის შიდა წრის დაშლა და თავად კადაფის თავიდან მოშორებაა,“ - განაცხადა გრაამმა.

რესპუბლიკელი სენატორის ჯონ კორნინის განცხადებით, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო მიზანი კადაფის დამხობა უნდა იყოს:

ჩვენ პრეზიდენტისგან გეგმა გვჭირდება და არა ის, რომ ყველაფერი ნატოს გადავაბაროთ და ვთქვათ, რომ ლიბია ევროპელების პრობლემაა და არა ჩვენი. მას შემდეგ, რაც ამერიკელი ხალხი გაიგებს იმას, თუ რა მიზანი გვაქვს და როგორ ვაპირებთ ამ მიზნის მიღწევას, ამ ძალისხმევის მხადასაჭერად ხალხი გაერთიანდება.

მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს და ჯერ-ჯერობით დასასრული არ უჩანს. დასავლეთის ქვეყნები ამბოხებულებს უჭერენ მხარს და კადაფის გადადგომას ითხოვენ.

ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 46 პროცენტი ლიბიაში სამხედრო ოპერაციას მხარს არ უჭერს, 39 პროცენტი ოპერაციას ამართლებს, ხოლო 15 პროცენტს კი გამოკვეთილი შეხედულება არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG