ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაარში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად ამერიკა ავღანეთის მისიას მტკიცედ უჭერს მხარს

ამერიკის ელჩის თანაშემწე გაეროში -როზმარი დიკარლოსი- აცხადებს, რომ „შეერთებული შტატები ავღანეთის მხარდაჭერას და მასთან პარტნიორულ ურთიერთობას 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს“. ახლახანს ყანდაარში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად ამერიკა ავღანეთის მისიას მხარს მტკიცედ უჭერს.

ავღანური ძალებისთვის უსაფრთხოების პასუხისმგებლობათა გადაცემის საქმეში უკანასკნელი ორი თვე მნიშვნელოვანი პროგრესით აღინიშნა. გასულ ნოემბერში პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ განცხადება ავღანური უსაფრთხოებისთვის მეორე რეგიონალური ჯგუფის გადაცემის შესახებ გააკეთა. მასში 5 პროვინცია მთლიანად არის გაერთიანებული. ჯგუფი 13 სხვადასხვა პროვინციის ცალკეულ უბნებსაც მოიცავს. ამჟამად ავღანეთის უსაფრთხოების მიერ მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი კონტროლდება.

რეგიონალურმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ავღანეთში უსაფრთხოების საკითხებში მიღწეული პროგრესის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მაისში ქალაქ ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საბოლოოდ გადაწყდება, თუ როგორი იქნება გარდამავალი ეტაპის შემდეგი ფაზა. მისი ნაწილი 2013 წელს ნატოს დამხმარე როლით ჩანაცვლებას მოიცავს, 2014 წელს კი - ავღანელთა სრულ კონტროლს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

ავღანეთის უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ქვეყნის საზღვრებზე ნარკოტრანზიტის აღკვეთა რჩება. ნარკობიზნესი ტერორიზმის და ძალადობის გაძლიერებას უწყობს ხელს, ლეგიტიმურ საარსებო წყაროებს ზღუდავს და ელემენტარულად ადამიანთა სიცოცხლეს ანადგურებს. ავღანეთის და მისი მეზობელი ქვეყნების ნარკოტიკზე ფიზიკური და ეკონომიკური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის მთავრობა ინოვატორულ პროგრამებს ახორციელებს. ამ პროგრამების საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით ყაყაჩოს მოყვანა პროვინციაში 2008 წლის შემდეგ 39 პროცენტით შეიზღუდა. პლანტაციების აღმოფხვრის პროგრამები, რომელსაც ავღანეთის ნარკოტიკებთან მებრძოლი სამინისტრო ახორციელებს, 2011 წლიდან დამატებით 18 პროვინციაში ამოქმედდა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ალტერნატიული შემოსავლის წყაროების განვითარებაში 541 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მათი უმეტესი ნაწილი სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას, ტრეინინგებს, მიზნობრივ კრედიტებს და ალტერნატიული მარცვლეულის განვითარების პროგრამებს მოხმარდა. აღნიშნული პროგრამები ყოველწლიურად 300 000 პროვინციულ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს უწევს დახმარებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც დიდ როლს თამაშობს ავღანეთის ხელისუფლების და ხალხის მიერ სრული სუვერენიტეტის მოპოვების საქმეში. ამის გამო შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაეროს დახმარების მისიის დამატებით 12 თვით გახანგრძლივებას.

ამერიკა მანამდე იდგება ავღანეთის გვერდში, სანამ ქვეყნის მოქალაქეები ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებას ეცდებიან, შემრიგებლურ პოლიტიკას მიმართავენ და სტაბილური ეკონომიკური მომავლის ერთგულები დარჩებიან.

XS
SM
MD
LG