ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანური რისკები ვაშინგტონისთვის


პაკისტანური რისკები ვაშინგტონისთვის
პაკისტანური რისკები ვაშინგტონისთვის

სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესაძლო შედეგებს ამერიკელი ექსპერტები აფასებენ

მეგობრულ მთავრობებს შორის დავა, ჩვეულებრივ, დახურულ კარს მიღმა წყდება, საჯაროდ კი უთანხმოებებზე მხარეები თითქმის არაფერს ამბობენ. ამდენად, უჩვეულოდ ღია ფორმა ქონდა ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას -ცოტა ხნის წინ საჯაროდ ეთქვა უარი პაკისტანისთვის ამერიკის 800$ მილიონიან სამხედრო დახმარებაზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მოხელე პოლიტიკურ საკითხებში დენიელ მარკი, რომელიც ახლა გავლენიანი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრია, ამბობს, რომ ეს მოვლენა ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაღმავალ ტრაექტორიაზე მიანიშნებს:

"დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ურთიერთობების გაუარესებასთან, რაც ჩემი აზრით ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად ხდება. ამასთან ერთად, ზეწოლა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მდგომარეობას კონსტრუქციული მიმართულება მიეცეს. პირიქით, შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ვაშინგტონი იმედგაცრუების გამოხატვასთან ერთად, გაღიზიანებისგან თავს ვერ იკავებს, რამაც შესაძლოა მომავალში უფრო გაართულოს ურთიერთობა. აქვე გეტყვით, რომ მარტო გასულ წელს ამერიკის დახმარებამ პაკისტანისადმი 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ნახევარი სამხედრო დახმარებას მოხმარდა.

დენიელ მარკი ამბობს, რომ ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი კონგრესის მოქმედების მოლოდინში გადადგა. საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დროს იმატა პაკისტანისთვის დახმარების შეკვეცის სურვილმა.

"ამერიკა იმედგაცრუებულია და დახმარების შეკვეცა, სწორედ პაკისტანის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებაზე პასუხად უნდა გავიგოთ. ან არადა, ადმინისტრაციამ კონგრესს დაასწრო ამ ქმედებით და დახმარებაზე უარი განაცხადა. უფრო სწორედ, ობამას ადმინისტრაციამ გადაავადა ფინანსური დახმარბის მიწოდება, რომლის ნაწილის უზრუნველყოფას თავად პაკისტანელები გამართლებულად მიიჩნევენ, თვლიან რა, რომ გაატარეს სხვადასხვა ოპერაციები და თანხებიც დაიხარჯა.

ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორი ლარი გუდსონი აცხადებს, რომ ოფიციალური ისლამაბადისთვის დახმარებაზე უარის თქმა სარისკოა, მაშინ როდესაც აღჭურვილობა ავღანეთში დისლოცირებული ნატოსა და ამერიკის ჯარებისთვის სწორედ პაკისტანის გავლით შედის.

"ეს ძალიან დიდი რისკია. ჩემი რწმენით, ძალიან სახიფათოა, როცა ადამიანს, რომელსაც ყელში აქვს შენთვის შემოჭერილი, უთხრა-არ დამახრჩო, თორემ გავბრაზდები. პაკისტანი დახმარების მარშრუტებს აკონტროლებს. წარსულში კი როცა ჩვენზე განაწყენებულან, სამაგიერო არაერთხელ გადაგვიხადეს ამ მარშრუტებზე თავდასხმებით.

ამერიკას ბოლო პერიოდია არაერთხელ უთქვამს, რომ პაკისტანი საკმარისს არ აკეთებს ავღანეთის საზღრის გასწვრივ მეამბოხეთა თავშესაფრების მოსასპობად. ვაშინგტონმა ასევე არაერთხელ მოითხოვა პაკისტანის სამხედრო და სადაზვერვო ისტებლიშმენტის მეტი თანამონაწილეობა. თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები, კერძო საუბრებში ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ პაკისტანელებისთვის ინფორმაციის გაზიარებას მათი მეამბოხეებამდე გაჟონვა შეიძლება მოჰყვეს. პაკისტანის მთავრობა, განსაკუთრებით კი ძლიერი სამხედრო აპარატი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ამერიკულმა მხარემ მათ ოსამა ბინ ლადენის სამალავზე რეიდის წინ არაფერი შეატყობინა.

მოგვიანებით, ამერიკის სამხედრო მეთაურთა შტაბების გაერთიანებული აპარატის ხელმძღვანელმა ადმირალმა მაიკლ მალენმა საჯაროდ დასდო ბრალი პაკისტანის მთავრობას პაკისტანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცებაშჲ, წამებასა და მკვლელობაში, რაც ისლამაბადმა უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებად მოიხსენია.

1980-იან წლებში პაკისტანი ამერიკის მოკავშირე იყო ავღანეთში საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის გასვლის შემდეგ ავღანეთიდან, ისლამაბადმა ამერიკის სანქციები დაიმსახურა ბირთვული პროგრამის გამო. ლარი გუდსონი დარწმუნებულია, რომ ამერიკის მიმართ ნეგატიური განწყობა სწორედ იმ დროის დანატოვარია. გუდსონი ამბობს იმასაც, რომ პაკისტანში გაჩენილი სენტიმენტი-ამერიკის დახმარების შეკვეცაზე, შესაძლოა შეერთებულ შტატებსვე უარყოფითად მოუტრიალდეს, როცა მეზობელ ავღანეთში პოლიტიკური დარეგულირების ძიების პროცესში პაკისტანი გარკვეული როლის დაკავებას შეეცდება.

XS
SM
MD
LG