ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქართუ ბანკმა" 20 დღეში 45 მილიონი დაკარგა


"ქართუ ბანკმა" 20 დღეში 45 მილიონი დაკარგა

კანონპროექტი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებით შემუშავდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შედის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ხელშეწყობის აღკვეთის მექანიზმი გაძლიერდება.ასევე უფრო მკაფიოდ განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ბანკის ფინანსური სექტორისგან , ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.

კანონპროექტი ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ევროკავშირის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციებით შემუშავდა :

”საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს აღნიშნული რეკომენდაციები, რომელიც ფულის გათეთრებასთან ბრძოლას ეხება და ტერორიზმის დაფინანსებას . ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება არსებული ხარვეზების აღმოფხვრა” - განაცხადა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

სხდომაზე გიორგი ქადაგიძემ ქართუ ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის და ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის გია ცაგარეიშვილის კითხვებს უპასუხა ქართუ ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე ფრაქციის სხდომაზე იყო მიწვეული , მაგრამ გია ცაგარეიშვილის თქმით, ფრაქციას არც გიორგი ქადაგიძე ესტუმრა, არც ასევე მიწვეულნი საქართველოში არსებულ 19 კომერციული ბანკის ხელმძღვანელი. ქართუს გარდა არცერთი სხვა ბანკის წარმომადგენელი ფრაქციაში არ მივიდა :

” ვფიქრობ, რომ კითხვები ჩვენი მხრიდან აქტიურად, ამომწურავად იყო დასმული. კითხვების დასმის საშუალება მიეცა ნოდარ ჯავახიშვილს, რომელიც მობრძანდა დღეს ჩვენთან სტუმრად. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ მასთან ერთად 19 კომერციული ბანკის ხელმძღვანელი დავპატიჟეთ. მე არ ჩამოვთვლი ახლა ამ ბანკებს, რომ შემდეგ ბატონმა ქადაგიძემ ამ საკითხის პოლიტიზირებაში ბრალი არ დამდოს. გარდა ამისა, მოწვეულები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო, ბიზნეს ომბუდსმენი, რომელმაც წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა გუშინწინ. თქვა, რომ გაზეთებიდან ვიცი, რომ ბანკს უჭირსო, არავის მოუმართავს ჩემთვისო და როგორ ჩავერთო ახალა ამ საკითხებშიო. ეს არის ტრაგედია, ასეთი ბიზნეს ომბუდსმენი რომ ჰყავს საქართველოს. პირდაპირ გეუბნებით, ეს პოლიტიკური განცხადებაა! მე ახლა გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს და არავის შევეკითხები, არც ქადაგიძეს, არც გილაურს! ეს კაცი არის შეუფერებელი ამ თანამდებობისთვის, მას ჰქვია ბიზნეს ომბუდსმენი, იგი არ მოვიდა ფრაქციის სხდომაზე, იგი გაერიდა ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებს თავის თავს."

გიორგი ქადაგიძის განცხადებით ის, რაც დღეს ხდება ქართუ ბანკის ირგლივ და რა ქმედებებსაც მიმართავენ ბანკის მესვეურები - ეროვნული ბანკისთვის მიუღებელია:

”დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც კომერციული ბანკი აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკუტი დაჯგუფების მხარდასაჭერად, ერთი ფაქტი საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც კომერციული ბანკი ასახელებს თავის კლიენტის ვინაობას და ავრცელებს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას”.

ქართუ ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება:

” გახსოვთ, 7 ოქტომბერს გაკეთდა განცხადება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე და 8-ში დაიწყო ღია ზეწოლა ბანკის კლიენტურაზე. ეს როგორ არის იცით? შედეგებს გეტყვით და მიხვდებით, რომ თავისთავად ფაქტია, მაგრამ კლიენტი, როგორც წესი გვეუბნება ჩვენ ამას. უბრალოდ ტელეკამერასთან არ იტყვის და მერე რომ დააფიცო აღარ გაიმეორებს. მაგრამ პირდაპირ ეუბნებოდნენ , დახურეთ ანგარიშები ან შემოსავალი არ ჩარიცხოთ თქვენს ანგარიშებზე, დატოვეთ კრედიტები და ამ კრედიტებს მერე ჩამოგაწერთ. ასეთი წინადადება იყო ყველას მიმართ. ეს რომ გავიგე მოგვიანებით რას ჰქვია ჩამოწერე კრედიტი, ამ თვალსაზრისით ეს დემაგოგია მეგონა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის დემაგოგია და ამის შესრულება შეუძლია თავისუფლად საქართველოს ხელისუფლებას. ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ქართუ ბანკში ძირითადად მომსახურეობას უწევენ, ასე ვთქვათ, სახურავქვეშ მყოფ ორგანიზაციებს. ანუ მათი დარწმუნება ძალიან მარტივი საქმეა და 20 დღის განმავლობაში 45 მილიონი თანხის გადინება მოხდა”.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით ქართუ ბანკის მესვეურებმა და ახალმა ადმინისტრაციამ ბანკი პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალურად უნდა გამიჯნონ, შეასრულონ ”კომერციული ბანკების შესახებ” დაკისრებული საქმიანობა. ” ამ შემთხვევაში ქართუ ბანკს ექნება ეროვნული ბანკის მხარდაჭერა. თუ ამ წესრიგს არ დაამყარებენ ბანკის მესვეურები, ამ წესრიგს დაამყარებს ეროვნული ბანკი. ჩვენთვის ეს პროცესი მიუღებელია”- აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

XS
SM
MD
LG