ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური გაზაფხული


პოლიტიკური გაზაფხული
პოლიტიკური გაზაფხული

გუშინდელი დღე პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა გორელებისთვის. ძირითადად პასიურ მდგომარეობაში მყოფ რეგიონში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე.

რვა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება გორს გუშინ სტუმრობდა. „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დახმარებით, ისინი ამომრჩევლებს შეხვდნენ და გააცნეს ექვსთვიანი მუშაობის შედეგები საარჩევნო კოდექსის ირგვლივ.

რვა ოპოზიციური პარტია ამ პერიოდის მანძილზე ცდილობდა კონსენსუსის მიღწევას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე. თუმცა ამ ეტაპამდე პოზიციიების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმების მიღწევა სახელისუფლო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ვერ ხერხდება. ვახტანგ ხმალაძე, ოპოზიციური რვიანის წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან იმედს გამოთქვამს, რომ გარკვეული შეთანხმება მომავალ კვირას მაინც მოხდება.

ირაკლი მელაშვილი, ოპოზიციური რვიანის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში არჩევნებს აზრი ეკარგება. დრო კი არ ითმენს, კანონდემბლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტმა მაისის ბოლოს უკვე დასრულებული სახით უნდა იარსებოს.

ამომრჩევლებთან ოპოზიციური რვიანის შეხვედრის პარალელურად, გორში თეატრის წინ „სახალხო კრებისა“ და მოძრაობა „თეთრების“ მიერ ორგანიზებული „მხილების მუზეუმის“ აქცია მიმდინარეობდა. სახალხო კრების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში არსებულ ხელიუსფლებასთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე და კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. მათ აქციის ფარგლებში პოსტერები გამოფინეს, სადაც მთელი რიგი დარღვევებისა და შეუსაბამობის შესახებ გააკეთეს აქცენტები. „სააკაშვილის რეზიდენცია 500 მილიონი დოლარი, პენსია კი 85 ლარი,“ შაკირას შოუ 5 მილიონი დოლარი, დევნილთა დახმარება კი 28 ლარი“ , ასეთი გახლდათ წარწერები „მხილების მუზეუმის“ ექსპონატებზე. გიული ახალკაცი, გორის მკვიდრი, რომელმაც „მხილების მუზეუმი“ დაათვალიერა, ამბობს, რომ საზოგადიებას გამოფხიზლება სჭირდება, ამიტომაც ასეთი აქციების მოწყობა მნიშვნელოვანია.

„სახალხო კრება“ „მხილების მუზეუმის“ ფარგლებში დაგეგმილ აქციას დღეს მარნეულში აგრძელებს.

ამ მოვლენების პარალელურად გორის ადმინისტრაციული სახლში“ გენდერული რესურს–ცენტრის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა იმართებოდა, სადაც საკუთარი პრობლემების შესახებ საუბრობდნენ დევნილი და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალბატონები. შეხვედრას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აქვე მყოფებოდა პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილიც. შეხვედრაზე, სადაც მძიმე სოციალური პრობლემების შესახემ მიმდინარეობდა დისკუსია მოულოდნელად ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეს“ წამყვანი შალვა რამიშვილი გამოჩნდა ჩართული კამერით, რომელიც პირდაპირ მივიდა შეხვედრის მონაწილე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან და შეეცადა მისგან სტალინის ძეგლის ადგილსამყოფელის შესახებ მიეღო ინფორმაცია. ინციდენტი მას შემდეგ დასრულდა, რაც გადაცემის წამყვანმა საჭირო ვიდეო კადრები შეკრიბა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალბატონები საკუთრი პრობლემების ჩამონათვალს დაუბრუნდნენ და სოციალური საკითხების მოგვარების პარალელურად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და პარლამენტის წარმომადგენლებს კოდადან გატაცებული ემზარ სხირტლაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს.

XS
SM
MD
LG