ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გრძელდება


ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გრძელდება
ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გრძელდება

კოალიციამ ლიბიის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონა წარმატებულად დაარსა.

დასავლეთის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, ლიბიაში არასაფრენი ზონა წარმატებულად ფუნქციონირებს. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა იკვლევს იმას, თუ როგორ მოქმედებს არასაფრენი ზონა და რა უნდა მოჰყვეს ამგვარი ზომის დაწესებას შემდგომში.

გაეროს რეზოლუციის საფუძველზე მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ ლიბიაზე არასაფრენი ზონა დააწესა, რათა ლიბიის ლიდერს პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მის წინააღმდეგ აჯანყებული ლიბიელი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო ძალის გამოყენება არ შეეძლო. რეზოლუციის თანახმად, გაეროს წევრ სახელმწიფოებს აქვთ უფლება „მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა“ სამოქალაქო პირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იმ შემთხვევაში თუ მათ თავდასხმის საფრთხე ემუქრებათ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კოალიციამ ლიბიის საჰაერო სივრცეში არასაფრენი ზონა წარმატებულად დაარსა. ექსპერტთა შეფასებით არასაფრენი ზონის დაარსების შედეგად პოლკოვნიკ კადაფის საჰაერო ძალები მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო ქვეყნის ანტი-საჰაერო ობიექტები ძირითადად განადგურებულია.

მაგრამ უარდ კაროლი, შეერთებული შტატების საზღვაო ძალების რადარების ყოფილი სპეციალისტი, რომელიც ერაყსა და ბოსნიაში დაწესებულ არასაფრენ ზონებს იცავდა, აღნიშნავს, რომ არასაფრენი ზონის დაწესება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება:

„თუ წარმოიდგენთ იმას, რომ არასაფრენი ზონა 24 საათის განმავლობაში კვირაში შვიდი დღის მანძილზე უნდა შენარჩუნდეს, ეს უდავოდ იმის მანიშნებელია, რომ ამგვარი ზომის მიღებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ტრადიციულად ლიბიელები ღამით არ დაფრინავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის ჩასვლის შემდეგ არასაფრენი ზონის შენარჩუნებას ალბათ ნაკლები რესურსების გამოყენება დასჭირდება. თუმცა მიუხედავად ამისა მაინც საჭიროა წინასწარი გაფრთხილების სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავისა და სხვა დამხმარე თვითმფრინავების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ კადაფის მომხრე ძალებმა თვითმფრინავების გამოყენება მოინდომეს და მეამბოხეებზე საჰაერო იერიშის მიტანა გადაწყვიტეს, კოალიციის ძალებს სწრაფი რეაგირების საშუალება უნდა გააჩნდეს “ - აღნიშნა უარდ კაროლმა.

კაროლის თქმით, სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა არასაფრენი ზონის შესანარჩუნებლად, მხოლოდ განმანადგურებელი თვითმფრინავებით არ შემოიფარგლება:

„გამანადგურებელ თვითმფრინავებს სხვა სახის თვითმფრინავები ემსახურება. ამისთვის საჭიროა "ჰარიერის" ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები, ისევე როგორც "კობრას" მოდელის შვეულმფრენები და საჰაერო ტანკერები. სწორედ ამ აქტივების გამოყენებით შესაძლებელია განმანადგურებლების პატრულირება არასაფრენ ზონაში. ამდენად არასაფრენი ზონა ბევრს ელემენტს შეიცავს, არაფერი რომ არ ვთქვათ მართვის სტრუქტურაზე“ - აღნიშნა კაროლმა.

შედეგად არასაფრენი ზონის შენარჩუნება მნიშვნელოვანი სახსრების გაღებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით კაროლმა აღნიშნა:

„თავდაპირველი საჰაერო დარტყმების ტალღას ერთ მილიარდ დოლარად აფასებენ. შემდეგ კი არასაფრენი ზონის შენარჩუნებას ერთ კვირაში დაახლოებით 100-დან 300 მილიონ დოლარამდე სჭირდება.“

თუმცა ძალისხმევისა და ხარჯების მიუხედავად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კოალიციის მიერ კადაფის ძალების წინააღმდეგ განხორციელებულმა საჰაერო იერიშებმა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა.

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თადარიგში გასული გენერალი მაიკ დანი, რომელიც მსგავს არასაფრენ ზონებს ხელმძღვანელობდა, დასძენს:

„თუ მისიის ამოცანა ლიბიელი სამოქალაქო პირების დაცვა გახლავთ, მაშინ თვითმფრინავებიდან მათი დაცვა მისიის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. მისიის მეორე ნაწილი კი მშვიდობიანი მოსახლეობის ლიბიის სახმელეთო ძალებისგან დაცვას ითვალისწინებს, რაც სულ სხვა სახის ამოცანების შესრულებას ნიშნავს. ამ მხრივ ჩვენ ჯერჯერობით არაფერი გვინახავს რადგან ეს ბევრად უფრო რთულია.“

ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში ერაყისა და ავღანეთის გამოცდილების შემდეგ ლიბიაში სახმელეთო ჯარების გაგზავნას დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან.

XS
SM
MD
LG