ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პასუხი ოკუპანტებს“


„პასუხი ოკუპანტებს“
„პასუხი ოკუპანტებს“

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას და საკვებით დახმარება სთხოვა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს, ზურაბ არსოშვილს საგანგებო შეხვედრის დროს დაავალა ყურადღებით მოკიდებოდა იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც კონფლიქტის ზონის სოფლებში ცხოვრობენ.

„ეს იქნება ჩვენი პასუხი რუსი ოკუპანტების ქმედებებზე“ –განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 11 ოქტომბერს. შეგახსენებთ, რომ ცხინვალისპირა სოფლების მოსახლეობა წელს, ისევე როგორც 2009 და 2008 წლებში, მოსავლის გარეშე დარჩა. სარწყავი წყლის უქონლობის გამო მიწის ნაკვეთების დამუშავება ვერ შეძლეს. ამას ისიც დაემატა, რომ 2010 წელს კონფლიქტის ზონის სოფლებში ჰუმანიტარული მისიები შეწყვიტა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ როგორც განცხადებებით, ასევე საპროტესტო აქციების მეშვეობით, არაერთხელ მიმართა ხელიუსფლებას და საკვებით დახმარება მოითხოვა.

11 ოქტომბრის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ პრობლემის შესახებ ესაუბრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორს. მან მოითხოვა, რომ 10 დღის შემდეგ უკვე ყოფილიყო ინფორმაცია მთელი რიგი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ კონფლიქტის ზონის სოფლებში.

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ცხინვალისპირა სოფლების მოსახლეობისთვის ერთი ტომარა ფქვილისა და 20 კუბური მეტრი შეშის დარიგება გადაწყდა. შიდა ქართლის გუბერნატორი ჩვენთან საუბრისას განცვიფრებას ვერ მალავს, ჩვენი მხრიდან ამ საკითხით დაინტერესების გამო. ზურაბ არსოშვილს უჭირს დაასახელოს სახელდობრ, რამდენი სოფელისთვის გამოიყო შეშა და ფქვილი.

ტირძნისის თემის საკრებულოს გამგებელი თემურ ტეტუნაშვილი ამბობს, რომ მის გამგებლობაში ხუთი სოფელი შედის, მათ შორის ერგნეთი. უწყლობის გამო თითქმის ყველა მათგანი დაზარალდა. შეშა და ფქვილი კი მხოლოდ სოფელ ერგნეთში დარიგდა, რადგან ის უშუალოდ ესაზღვრება ცხინვალს.

მანანა გოგიშვილი ზემი ხვითში ცხოვრობს მოხუც დედამთილთან ერთად. მათი სახლი ჯერაც არ შეკეთებულა. ორი ზამთის მანძილზე ჭურვების აფეთქების შედეგად გამონგრეული კედლები ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში. ქალბატონი მანანას ოჯახმა ერთი ტომარა ფქვილი მიიღო და ამ დღეებში შეშასაც ელოდება. იგი ამბობს, რომ ეს მარაგი მის ორსულიან ოჯახს მხოლოდ თვენახევრის მანძილზე ეყოფა.

XS
SM
MD
LG