ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის მიმოხილვა


პრესის მიმოხილვა
პრესის მიმოხილვა

ჟურნალ „ფორეინ ეფეირსის“ სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია: „უჩვეულო სამეული: გახდებიან თუ არა ირანი, თურქეთი და შეერთებული შტატები მოკავშირეები?“

უცხოეთის პრესის მიმოხილვას ვიწყებთ მუსტაფა აკიოლის სტატიით სათაურით „უჩვეულო სამეული: გახდებიან თუ არა ირანი, თურქეთი და შეერთებული შტატები მოკავშირეები?“ რომელიც ჟურნალ „ფორეინ ეფეირსის“ სექტემბერ-ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. აკიოლი აანალიზებს სტივენ კინზერის წიგნს სათაურით „გადატვირთვა: ირანი, თურქეთი და ამერიკის მომავალი.“ სტატიაში ვკითხულობთ:

„კინზერის იდეა ამერიკა-ირან-თურქეთის ალიანსის შესახებ უდავოდ გრძელვადიან პროექტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის თანამედროვე ისტორიას ეფუძნება. სხვა მუსლიმანური ქვეყნებისგან განსხვავებით, კინზერი აღნიშნავს, რომ ირანი და თურქეთი ნახევარი საუკუნის მანძილზე პოლიტიკური რეფორმებისთვის იღწვოდნენ. ამ პერიოდის მანძილზე მათ ‘დემოკრატიის ცნება გაითავისეს და მისკენ ილტვიან.’ ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ფუნდამენტური ღირებულებები აკავშირებთ. უფრო მეტიც, ირანსა და თურქეთს განათლებული საშუალო კლასი ჰყავს, რაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების საწინდარს წარმოადგენს. ამას გარდა, ორივე ქვეყანას შეერთებულ შტატებთან საერთო სტრატეგიული ამოცანები აკავშირებს - მათ სურთ, რომ ერაყი და ავღანეთი სტაბილური ქვეყნები იყვნენ და რომ ალ ყაიდას მსგავსი რადიკალური სუნიტური მოძრაობები აღმოიფხვრას.

კინზერის გეოპოლიტიკური სამკუთხედი დღევანდელ კონტექსტში ვერ წარმოიქმნება. იგი აღიარებს, რომ ირანი ‘მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს’ და გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო სანამ შესაძლებელი იქნება თეირანის გაწევრიანება ამ ალიანსში. რამდენად რეალისტურია ეს სცენარი? კინზერს ამ კითხვაზე პასუხი უჭირს, მაგრამ ამასობაში იგი ორმაგ სტრატეგიას გვთავაზობს: თეირანის ამჟამინდელ რეჟიმთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ლოდინს სანამ ამ ქვეყნის დემოკრატიულად განწყობილი მასები (რომელსაც იგი ‘პრო-ამერიკულსაც’ უწოდებს) ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში.

კინზერის სამკუთხედის თურქეთ-ამერიკული პარტნიორობის ასპექტი ბევრად უფრო რეალისტურია რადგან ათწლეულების მანძილზე ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარდა, წერს აკიოლი. მართალია თურქეთის ბოლოდროინდელმა გადახრამ საერო იდეალებისგან ისლამისკენ დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია, ვნებათაღელვა ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად გაზვიადებულია. სინამდვილეში თურქეთის ახალი ორიენტაცია თურქეთ-ამერიკული ურთიერთობისთვის შეიძლება მომგებიანიც აღმოჩნდეს.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების არსი დასავლეთის განათლებასა და რელიგიურ გაუნათლებლობას შორის არსებულ დაპირისპირებაში მდგომარეობს. თურქეთში ხომ ნამდვილი კონფლიქტი ყოველთვის პრო-დასავლურად განწყობილ ელიტასა და ქვეყნის მოდერნიზაციის მომხრეებს შორის შეინიშნებოდა. პრო-დასავლურად განწყობილ ელიტას, რომელსაც თავის დროზე ათათურქი ჩაუდგა სათავეში, თურქეთის ევროპულ ქვეყნად გარდაქმნა სურდა. ამ პროცესის განუყოფელ ნაწილად მათ დასავლური კულტურული ნორმებისა და საერო ფასეულობების დანერგვა და გავრცელება მიაჩნდათ, მაშინ როცა მოდერნიზაციის მომხრეები პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ჩატარებას ანიჭებდნენ უპირატესობას და ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ტრადიციული კულტურა და რელიგიური წეს-ჩვეულებები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.“

უცხოეთის პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ პოლ გობლის სტატიით სათაურით „საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსკოვური პოლიტიკის მიმართ ხალხის მხარდაჭერა კლებულობს,“ რომელიც 3 სექტემბერს ვებ გვერდ „ეურეიჟა რევიუზე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების პოლიტიკურ ასპექტებს. მათ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ფინანსური ფაქტორები უფრო ადარდებთ.

შედეგად რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელსაც მიაჩნდა, რომ რუსეთი სწორედ მოიქცა, როცა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან კონფლიქტის დროს, მნიშვნელოვნად შემცირდა. 2009 წელს, ანუ კონფლიქტიდან ერთი წლის შემდეგ, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 59 პროცენტი იზიარებდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 38 პროცენტამდე შემცირდა, რაც 20 პროცენტზე მეტ კლებას ნიშნავს.

ამავე პერიოდის მანძილზე რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით 2008 წლის 59 პროცენტიდან ახლა 34 პროცენტამდე შემცირდა. უფრო მეტიც, გამოკითხულთა 21 პროცენტს მიაჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევაში მოსკოვს ხსენებული გადაწყვეტილების გაბათილებაც შეუძლია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელს.

ამას გარდა, 2009 წელთან შედარებით რუსები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის სამხედრო დახმარების გაწევას ნაკლები ენთუზიაზმით ემხრობიან, რაც უდავოდ იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს.“

XS
SM
MD
LG