ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სურსათზე ფასები და ეთანოლი


სურსათზე ფასები და ეთანოლი

„დიდი ოცეული“ საკვების პრობლემაზე იმსჯელებს

მომავალ კვირას პარიზში მსოფლიოს დიდი ოცეულის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. განხილვის მთავარი თემა მსოფლიოში სურსათის ფასების მატებაა. კრიტიკოსების თქმით, ამ ტენდენციის ერთერთი მთავარი მიზეზი საკვები მარცვლეულის ბიოსაწვავად გამოყენებაა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის მდივნის ტომ ვილსაკის თქმით, ამერიკაში ბიოსაწვავის - ეთანოლის წარმოება სურსათის გაძვირებაზე მინიმალურ გავლენას ახდენს. ამ თემის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტივ ბარაგონა იკვლევდა.

სოფლის მეურნეობის მდივანმა ვილსაკმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუჯეროს ყველა მოსაზრებას ეთანოლის შესახებ, რომ თითქოს ესაა სურსათის გაძვირების მთავარი მიზეზი.

„სიმართლე ის გახლავთ, რომ მარცვლეულით მიღებული ეთანოლი არ უნდა იქცეს განტევების ვაცად, რისი მცდელობებიც ხშირია,“ - განაცხადა ბატონმა ვილსაკმა.

კრიტიკოსების თქმით, შეერთებულ შტატებში წარმოებული სიმინდის 40 პროცენტი ბიოსაწვავის მისაღებად გამოიყენება. ეთანოლის წარმოება ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა და ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ესაა ბოლო 15 წელიწადში სიმინდის მოსავლის შემცირების საბაბი.

მათი განცხადებით, ამან ფასების გაზრდაც გამოიწვია. პოლიტიკის ანალიტიკოსი მარი ბრილი ამბობს, რომ ამ ვითარებაში ფერმერების დადანაშაულება არ შეიძლება.

ვილსაკის თქმით, შესაძლოა ბიოსაწვავის წარმოებამ გარკვეული როლი ითამაშა ფასების გაზრდაში 2007-2008 წლებში, თუმცა ეს მხოლოდ ათპროცენტიანი ზრდა იყო. მისივე განცხადებით, ამერიკელები ბიოსაწვავის წარმოებით ბევრ საკითხში ნახულობენ სარგებელს. პირველ რიგში, ეს უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს აგრარულ რაიონებში, სადაც უმუშევრობის და სიღარიბის დონე მაღალია. ვილსაკი აცხადებს, რომ ეთანოლის ბენზინში გარევით ერთ ლიტრ საწვავზე ფასი დაახლოებით 25 ცენტით მცირდება. ამასთანავე ბიოსაწვავი მომავალში თავის სიტყვას იტყვის.

„თუკი ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტის მოწოდებას, რომ უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულება სამჯერ უნდა შემცირდეს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ბიოსაწვავის წარმოება, თუმცა ამისთვის კი ნელნელა უნდა დავშორდეთ მარცვლეულზე დაფუძნებული ეთანოლის მიღებას,“- განაცხადა ვილსაკმა.

მისი თქმით, მთავრობა მხარს უჭერს იმ გამოკვლევებს რომლებიც ბიოსაწვავის მიღებას წყალმცენარეებიდან, ბალახებიდან და სხვა მცენარეებიდან ისახავს მიზნად. თუმცა, ისევ კრიტიკოსების განცხადებით საკვები პროდუქტზე დაფუძნებულ ბიოსაწვავის მიღებას ალტერნატივა არ გააჩნია.

ამავდროულად კრიტიკოსების საგანი ხდება ბიოსაწვავზე საბიუჯეტო დანახარჯები. ამ საქმეში მთავრობა 6 მილიარდ დოლარს ხარჯავს და ეს იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის შეკვეცა ხდება.

ანალიტიკოსის და აქტივისტის მარი ბრილის განცხადებით, თუკი წარმოება მომგებიანია მას თავის თავის შენახვა შეუძლია.

„უნდა იყოს მიღწეული კოსნენსუსი, რომ თუკი ეთანოლის წარმოება სუბსიდირდება, ის ტარიფისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც მის წარმოებას დიდი დარტყმას არ მიაყენებს,“ - აცხადებს ბრილი.

თუმცა, სხვა კრიტიკოსების თქმით, მთავრობამ საკვებზე დაფუძნებული ბიოსაწვავის წარმოება იმ დრომდე უნდა შეაჩაროს, ვიდრე მეცნიერები ალტერანტივას შექმნიან.

XS
SM
MD
LG