ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის ტურნეს შეფასება


„ვაშინგტონ პოსტი“ ამ ვიზიტს სარედაქციო წერილს უძღვნის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აღმოსავლეთ ევროპული და კავკასიური ტურნეს შესახებ შეფასებები მსოფლიო მედიაში გრძელდება. დღეს „ვაშინგტონ პოსტმა“ ამ თემას სარედაქციო წერილი მიუძღვნა. სათაურია „ჰილარი კლინტონი ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში ვითარებას აუმჯობესებს“.

„სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდამ კლინტონმა თავისი დასასვენებელი დღეები ვითარების გამოსასწორებელ ტურნეს მიუძღვნა. ის ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში იმ ქვეყნებში ავიდა, რომლებიც ობამას ადმინისტრაციას რუსეთთანგადატვირთვისპოლიტიკის ფარგლებში მათი ინტერესების უგულებელყოფაში სდებენ ბრალს,“ - წერს ვაშინგტონ პოსტი. იქვე აღნიშნულია, რომ ამ ვიზიტის დროს ქალბატონმა კლინტონმა დემოკრატიის ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. ეს კი ის საკითხია, რომლისადმი ნაკლებ ინტერესსაც მას და მის ხელისუფლებას პრეტენზიად უყენებდნენ.

“ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ თბილისში სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა. გაზეთის თქმით, სააკაშვილი პრეზიდენტ ბუშის ფავორიტი იყო, თუმცა ის ობამასთან შეხვედრას ჯერჯერობით ვერ ეღირსა. მიუხედავად ამისა, ჰილარი კლინტონმა ის დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორა და მხარს უჭერს საქართველოს სიტყვითაც და საქმითაც. კლინტონის განცხადებით ადმინისტრაცია ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ის ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ასევე არ თანხმდება მოსკოვის პრეტენზიებს გააჩნდეს გავლენის სფეროები პოსტსაბჭოთა სივრცეში.

„ვაშინგტონ პოსტი“ ჰილარი კლინტონის პოლონეტში ვიზიტზეც ამახვილებს ყურადღებას. რედაქციის თქმით, პოლონეთში ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ სარაკეტო თავდაცვის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობა და იმედგაცრუება გამოიწვია. თუმცა, ამჯერად ქალბატონმა კლინტონმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას თავდაცვის მინისტრ სიკორსკისთან ერთად და ეს მოდერნიზებული შეთანხმება პოლონეთის ხელისუფლებამ მოიწონა. პოლონეთში ვიზიტზე ქალბატონმა კლინტონმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე და ადამიანის უფლებებზე.

გაზეთმა ასევე ყურადღება დაუთმო ქალაბტონი კლინტონის აზერბაიჯანში ვიზიტსაც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მან ორი ბლოგერის გათავისუფლება მოითხოვა, იქვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში უზარმაზარი პროგრესია სახეზე. თუმცა გაზეთის თქმით, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა კლინტონს სწრაფადვე შეახსენა, რომ ეს განცხადება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები შეფასებს. „თუმცა ასეთი წამოცდენა გასაგებია, ქალბატონი კლინტონი ხომ იქ რეჟიმისთვის თავზე ხელის გადასასმელად ჩავიდა, თუმცა რაოდენ გასამართლებელიც არ უნდა იყოს ამგვარი შეფასება, ის სამართლიანობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს,“ - ასკვნის ვაშინგტონ პოსტი.

XS
SM
MD
LG