ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 ოქტომბერი სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა


17 ოქტომბერი სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
17 ოქტომბერი სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

10 ოქტომბერს მსოფლიოში უმუშევართა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ხვალ, 17 ოქტომბერს სამოქალაქო ალიანსი ”მომავალი სიღარიბის გარეშე” ტრადიციულად სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სამეგრელოში და შიდა ქართლში დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრები და უმწეოთა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის გაცნობა.

კოალიციის ”მომავალი სიღარიბის გარეშე” პრესრელიზში ნათქვამია :

”სიღარიბის გამო ყოველ დღე მსოფლიოში 58 ათასი ადამიანი იღუპება; საქართველოში ყოველი 50- მეათე ბავშვი ვერ აღწევს 5 წლის ასაკს; მსოფლიოში 100 მილიონ ბავშვზე მეტი სიღარიბის გამო ვერ დადის სკოლაში; საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღემდე ცხოვრობს სიღარიბეში; ჩვენს გარშემო ყოველი მეოთხე ჩვენი თანამემამულე ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, ყოველი მეორე ავადმყოფი ვერ იხდის მკურნალობის ხარჯებს; საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა თითქმის 5-ჯერ მაღალია, ვიდრე ევროპაში” .

ერთი კვირით ადრე, 10 ოქტომბერს მსოფლიოში უმუშევართა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში ”უმუშევართა კავშირმა” და ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა” ერთობლივი აქცია გამართეს. ”უმუშევართა კავშირის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე ჯერ საპენსიო ასაკამდე არ მისული, რომელთაც თავიანთი პროფესიული გამოცდილებით შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში, უმუშევრად არიან დარჩენილი, განწირულები შიმშილით სიკვდილისთვის :

”ჩვენ გადავეცით წერილები პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ნათქვამია, რომ პრაქტიკულად ჩვენი კონსტიტუციური უფლება უნდა დავიცვათ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შრომის საშუალება. საქართველოში არ არის შრომის ბირჟა, არ იწარმოება უმუშევართა აღრიცხვა, არ არსებობს არანაირი დახმარებები უმუშევრთათვის. პრაქტიკულად უმუშევრად დარჩენილი ხალხი. რომელთა ასაკი 40-ი წლიდან იწყება, რომლებიც ჯერ არ არიან საპენსიო ასაკის, ეს ხალხი განწირულია სიკვდილისთვის”.

”თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა” ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართა. კავშირის ლიდერი ალეკო შალამბერიძე საუბრობს ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, რომელიც უმუშევრებს საერთაშორისო ნორმების და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სტატუსს მიანიჭებს და მათი დასაქმებით დაკავდება :

”NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად გამოკითხულთა 62%-ი საქართველოში არის უმუშევარი. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, პირველ ადგილზე გავიდა უმუშევრობა NDI-ის გამოკითხვებით იმ ყველა პრობლემასთან შედარებით, რაც საქართველოს საზოგადოებას აწუხებს.

მიმაჩნია, რომ მთელი ძალისხმევა უნდა გადავიდეს ამ საკითხის გადასაწყვეტად, ამ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა დაირაზმოს მთელი საზოგადოება. ჩვენს რეკომენდაციებში ვამბობთ, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელია უმუშევართა ბაზა. ხელისუფლება გაურბის ამ პრობლემას, არ სურს ზუსტი ციფრი იცოდეს, აცხადებს უმუშევართა 16%-ს, მსოფლიო ბანკის გამოკვლევებით კი უმუშევართა რიცხვი 25%-ს შეადგენს.

ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, შეიქმნას სპეციალური სამსახური, შრომის ბირჟა, რომელიც უმუშევართა რაოდენობას აღრიცხავს და ამით ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლას დავიწყებთ. ვინც არის დღეს ხელისუფლებაში, იმას ვთხოვთ პასუხს, მაგრამ არჩევნების დროს ვინც აპირებს მოსვლას უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაყენებთ ამ პრობლემას და ხელისუფლებაში მათი მოსვლა ამ საკითხის გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული. ხვალ სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სიღარიბე და უმუშევრობა არის სენი, რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. სახელისუფლებო სტრუქტურები ამ უმთავრეს საკითხს ვერ წყვეტენ, ისინი ძირითადად კონცერტებზე არიან გადასულები, რაც მათი საქმე არ არის. თავისი კონსტიტუციური მოვალეობა შეასრულოს ხელისუფლებამ!”.

XS
SM
MD
LG