ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევნის სამიტი ანალიტიკოსთა ობიექტივში


„კრემლისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი რეგიონში სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა“

შაბათს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არაფორმალური სამიტი დასრულდა. როგორც ცნობილია, ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაერთიანებაა, სადაც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი ყირგიზეთში შექმნილი ვითარება გახლდათ, სადაც ა.წ. აპრილში ხელისუფლების რევოლუციური შეცვლის და მასობრივი ეთნიკური დაპირისპირების შემდეგ კვლავ ფეთქებადსაშიში ვითარებაა. სამიტამდეც და შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ყირგიზ კოლეგასთან როზა ოტუნბაევასთან საუბარში არაერთხელ განაცხადა, რომ ბიშკეკს შეუძლია რუსეთის დახმარებაზე გათვლა მის წინაშე მდგარი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადაჭრის დროს. ყირგიზეთის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა სამიტის სხვა მონაწილე ლიდერებმაც გამოხატეს. ამავდროულად, მედვედევმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას ყირგიზეთის მსგავს სიტუაციებში ადექვატური მოქმედება უნდა შეეძლოს. ამისათვის კი, მედვედევი დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციის შიგნით უფრო ეფექტური ინსტიტუტები უნდა შეიქმნას. ამ სამიტის შესახებ საკმაოდ საინტერესო მასალა „ამერიკის ხმის“ რუსულმა განყოფილებამ მოამზადა. მოსკოველ ჟურნალისტ ვადიმ მასალსკისთან საუბარში პოლიტიკისა და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე შარავინმა განაცხადა, რომ ეს გაერთიანება ჯერ კიდევ არამყარია. ექსპერტი თვლის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი გაერთიანება სწორედ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია გახდება და არა „შანხაის ექვსეული“, სადაც ჩინეთის გავლენა საკმაოდ ძლიერია. ამასთანავე, ალექსანდრე შარავინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აქტიურად შეეცდება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას საერთაშორისო სტრუქტურის სტატუსი და გავლენა შესძინოს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დიალოგის პროცესში ჩაერთვება. ამ სტრატეგიის შემადგენელ ელემენტად კი, შარავინი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გამყარებას მიიჩნევს, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამიტის დროს, მედვედევსა და სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც გიუმრიში რუსეთის ბაზის ყოფნა 2044 წლამდე გახანგრძლივდა.

თავის მხრივ, მოსკოვში კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ანდრეი რიაბოვი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის გათვალისწინებით, მოსკოვისა და ერევნის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი არც თუ ისე მყარ ერთობად მოჩანს.

„რუსეთის ინტერესებში არანაირად არ შედის აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესება. ქვეყანა, რომელიც მართალია კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი არ არის, თუმცა, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს წარმოადგენს, ქვეყანა რომელიც ფლობს ნავთობისა და გაზის დიდ რესურსებს,“ - აცხადებს რიაბოვი.

მისი აზრით, ამ ვითარებაში კრემლისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი რეგიონში სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა, სადაც ერთის მხრივ, გახანგრძლივებულია რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენა და მეორეს მხრივ, დეკლარირებულია მოსკოვის სურვილი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ. დამოუკიდებელი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი კი ამბობს, რომ სომხეთში, გიუმრის ბაზა, რომლის ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლება, უმნიშვნელოვანესი ობიექტია რუსული ინტერესებისთვის. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სწორედ ეს ბაზა იქნება გამოყენებული რეგიონში რუსული სამხედრო ძალების და საშუალებების გასაშლელად. თუმცა, გოლცი კონფლიქტის განახლების ვერსიას საქართველოსთან გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, ამაში არც რუსეთია დაინტერესებული და არც სომხეთი. რაც შეეხება თავად კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის პერსპექტივას, გოლცი მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება ვერ გახდება ნატოს ალტერნატივა და ვერც ვარშავის ხელშეკრულების“ ანალოგად ვერ იქცევა. თუმცა, მის თქმით, რაც არ უნდა სუსტი იყოს ეს გაერთიანება, ნატოს ხელმძღვანელობამ მასთან დიალოგი აუცილებლად უნდა აწარმოოს, რადგან ავღანეთის საკითხის გადაჭრაში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ბუნებრივი მოკავშირეა. ნატოს დამარცხება ავღანეთში კი, რუსეთისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას ნიშნავს, ასკვნის ალექსანდრ გოლცი.

XS
SM
MD
LG