ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი რუსეთს აკრიტიკებს


სირია - რეგიონალური კონფლიქტის საფრთხე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ სირიის რეჟიმის მიმართ რუსეთის მხარდაჭერა გაეროს სირიაში ძალადობის დასრულების საშუალებას არ აძლევს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ სტერნსი ჰილარი კლინტონის ევროპული ტურნეს შესახებ დანიიდან იუწყება.

ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა საერთაშორისო კოალიციის შექმნას და სირიაში მოქმედებას ართულებს. თუმცა, მისი თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს უკან დახევას, რადგან ვითარება ყოველდღიურად უარესდება.

კლინტონი დანიის დედაქალაქში ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე გაეროს დესპანი კოფი ანანი ვერ შეძლებს თავისი მანდატის გაფართოვებას და დამასკოს რეჟიმის იძულებას შეწყვიტოს ქვეყნისთვის საშინელი ზიანის მიყენება. მისი თქმით, სირიაში შესაძლოა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის განვითარდეს, რაც სირიას რეგიონალური დაპირისპირების ქვეყნად აქცევს:

„ირანი სირიას ძლიერ ეჭიდება. მათი სამხედროები სირიელ სამხედროებს წვრთნიან. გასამხედროებული ე.წ. ქუდსის ძალები, მათ ეხმარებიან სექტარული სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებაში. და ასევე არის რუსეთი, რომელიც მათ იარაღს აწვდის.“

ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ სირიაში ფართო რეგიონალური კონფლიქტის დაწყების საფრთხე არსებობს, აუცილებლად შეეხება ლიბანს, თურქეთს და იორდანიას:

„ვიცით, რომ ვითარება შესაძლოა გაუარესდეს. ჩვენ ვციდლობთ ამას ხელი შევუშალოთ. ჩემი არგუმენტი რუსების მიმართ იგივეა, რასაც ისინი ამბობენ, რომ არ სურთ სირიაში სამოქალაქო ომის განვითარება. მე კი მათ ვეუბნები, რომ მათი პოლიტიკა სწორედ სამოქალაქო ომს უწყობს ხელს. ჯერჯერობით არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას, რადგან სირიელები არ აპირებენ ჩვენს მოსმენას. შესაძლოა მათ რუსებს მოუსმინონ.“

დღეს რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსს„ პრეზიდენტ პუტინის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა, რომ სირიის საკითხში რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი და ის არის დაბალანსებული, თანმიმდევრული და სრულიად ლოგიკური. „ძნელად მისაღებია, რომ პოზიცია ვინმეს ზეწოლის შედეგად შევცვალოთ,“ - განაცხადა პესკოვმა.

დღეს თურქეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ სირია „კატასტროფული სამოქალაქო ომის“ საფრთხის წინაშე დგას.

XS
SM
MD
LG