ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილიარდელთა კლუბი იზრდება


მილიარდელთა კლუბი იზრდება

სიის ლიდერი უწინდებურად მექსიკელი მედია მაგნატი კარლოს სლიმია.

ჟურნალ „ფორბსის“ მილიარდელთა სია საკმაო სიზუსტით ასახავს ცვლილებებს გლობალურ ეკონომიკაში. თითქმის 200 ახალი მილიარდელიდან უმრავლესობა იმ დიდი ოთხეულიდანაა, რომელსაც გოლდმან საქსმა ეკონომიკური დომინანტობა ჯერ კიდევ 2003 წელს უწინასწარმეტყველა. ამ ქვეყნებს სპეციფიური სახელიც კი შეარქვეს და მას შემდეგ „ბრიქის ოთხეულად“ (BRIC) მოიხსენიებენ. ესენია: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი.

გვესაუბრება ჟურნალის გამომცემელი სტივ ფორბსი:

„აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მილიარდელთა რაოდენობა ერთ წელიწადში 40 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება „ბრიქის ოთხეულს“, ბრაზილია 18 მილიარდელიდან 30-ზე ავიდა. რუსეთს თუ შარშან 62 ჰყავდა, წელს ოფიციალურ მილიარდელთა რაოდენობა 101-ს შეადგენს. ასე რომ მათი რიცხვი რუსეთში თითქმის გაორმაგდა. გლობალური ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესაბამისად მსგავსი დინამიკა არ აღინიშნება შეერთებულ შტატებში და დასავლეთ ევროპაში“ -აღნიშნავს ბატონი ფორბსი.

საინტერესოა, რომ მილიარდელთა ზედა სამეული არ შეცვლილა. სიის ლიდერი უწინდებურად მექსიკელი მედია-მაგნატი კარლოს სლიმია . 53 მილიარდით მეორე ადგილზეა „მაიკროსოფტის“ ერთერთი დამაარსებელი ბილ გეიტსი, მას შემდეგ, რაც მან 28 მილიარდი ქველმოქმედებას გადაურიცხა. მესამე ადგილზე კი 50 მილიარდით კვლავ ინვესტორი უორენ ბეფეტია.

სტატისტიკა ვერ აუვლის გვერდს რუსეთს, როგორც განსაკუთრებულ ქვეყანას ამ სიაში. ქალაქ მოსკოვს სხვა დანარჩენ მეგაპოლისებთან შედარებით ყველაზე მეტი მილიარდელი ჰყავს. გარდა ამისა გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი მოსკოველი მილიარდელი სოციალური მედიის სფეროში, იური მილნერი. რუსეთი ჯერ კიდევ ჩამოუვარდება შეერთებულ შტატებს მილიარდელთა საერთო რაოდენობით, თუმცა ეს სხვაობა ყოველწლიურად მცირდება.

ცალკე უნდა ვისაუბროთ ჩინეთის სახელმწიფოზე, სადაც მილიარდელთა რაოდენობა გაორმაგდა. ამ ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეა რობინ ლი, ინტერნეტ-ძიების ვებ გვერდის „ბაიდუს“, მფლობელი. მისი ქონება 9 მილიარდს შეადგენს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რობინ ლის წარმატება ცალსახად ასახავს ჩინეთში მიმდინარე ცვლილებებს. კერძოდ, წარმატებული ეკონომიკური რეფორმების კულმინაციას კერძო სექტორში, რომელიც სახელმწიფოსგან სულ უფრო და უფრო მეტ საკანონმდებლო ბაზისს და ფინანსურ მხარდაჭერას იძენს. თუმცა ჩინეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ ქვეყნის მეთაურები ნაკლებად ზრუნავენ საშუალო ფენაზე, რის გამოც მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდება.

სტივ ფორბსის განმარტებით, ამ მილიარდების დიდი ნაწილი არც ბანკში დევს და არც რაიმე უძრავ ქონებაშია დაბანდებული:

„ ეს არ არის ხალხი, რომელიც ოქროს და სამკაულების გროვაზე ზის. ისინი ბიზნესებს ქნმიან, ხალხს ასაქმებენ. მათ თუ საქმე კარგად არ წაუვიდათ, მაშინ ხალხიც უმუშევარი რჩება და პირდაპირპროპორციულად იკლებს მათი როგორც მოგება, ასევე ბიზნესების შესაბამისი თვითღირებულება. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი წაგებაში ვართ. ძალიან ბევრი ამ მილიარდელთა შორის შემოქმედია და არა პლუტოკრატი. ისინი თანდათანობით ცვლიან სამყაროს, ზემოქმედებენ ადამიანებზე, მოვლენებზე და მათი მეოხებით ასეულ ათასობით ინდივიდუალი დღეს მუშაობს, ქმნის და საკუთარ კეთილდღეობას იუმჯობესებს.“

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მსოფლიოს მილიარდელთა შემოსავალი წელს 25 პროცენტით გაიზარდა. მათი საშუალო შემოსავალი 3.7 მილიარდს შეადგენს ანუ შარშანდელზე 0.2 მილიარდით მეტს.

XS
SM
MD
LG