ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გზა იმიგრანტობიდან მოქალაქეობამდე


გზა იმიგრანტობიდან მოქალაქეობამდე
გზა იმიგრანტობიდან მოქალაქეობამდე

აშშ-ს მთავრობამ 70 ორგანიზაცია დააფინანსა იმ მიზნით, რომ ამერიკის მომავალ მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარებაში დაეხმაროს.

შეერთებულ შტატებში არალეგალური იმიგრაციის თემა ხშირად ხდება ცხარე დებატების საგანი. ალბათ ამიტომაცაა,რომ ნაკლები ყურადღება ექცევა იმ პროცედურულ საქმიანობას,რაც კონკრეტულმა პირმა უნდა გაიაროს იმისათვის, რათა ამერიკის შეერთებული შტატების კანონიერი მოქალაქე გახდეს.

იმისათვის, რომ ზესახელმწიფოს მოქალაქის პასპორტი აიღო, გევალება გადაიხადო დაწესებული სოლიდური თანხა, შეგეძლოს ინგლისური წერა და საუბარი და ზეპირად იცოდე ამერიკის შეერთებული შტატები ისტორიაში ღირშესანიშნავი თარიღები. აღსანიშნავია ისიც,რომ ზემოხსენებული გამოცდა შესაძლოა ბევრმა ამერიკაში დაბადებულმა მოქალაქემაც კი ვერ ჩააბაროს.

ალბათ ამიტომაც, წელს შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით 70 ორგანიზაცია დააფინანსა იმ მიზნით,რომ ამერიკის მომავალ მოქალაქეებს მსგავსი გამოცდის ჩაბარებაში დაეხმაროს.

ვაშინგტონის ერთერთ გარეუბანში , ერთი დაწესებულების პატარა ოთახში იმიგრანტები შეკრებილან. მათ აქ ასწავლიან, თუ რას ნიშნავს გერქვას ამერიკელი და რა უნდა იცოდე იმისათვის,რომ ეს საპატიო სახელი ატარო. კლასის გადასახადი 100 დოლარია. რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი, ამ თანხის გადახდას სამწუხაროდ ყველა იმიგრანტი ვერ ახერხებს.

„ძალიან ბევრი კლასებს იმიტომ ვერ იღებს,რომ გადასახადის გადახდა არ შეუძლია“ -ამბობს ერთერთი ემიგრანტი.

ელსი ვენტურა სალვადორიდანაა:

„მე მარტოხელა დედა ვარ, დედაც ჩემთან ცხოვრობს ... ოჯახში მხოლოდ მე მაქვს სამსახური“

თუმცა ნოემბრიდან შეერთებული შტატების მოქალაქეობისა საემიგრაციო სამსახურის დაფინანსების შედეგად, მოსამზადებელი კლასების უმეტესობა უფასო გახდება.

დონა კერნი ვაშინგტონში მონტგომერის კოლეჯის პედაგოგია. მას სჯერა, რომ უფასო კლასებზე დასწრების სურვილს მომავალში ბევრად უფრო მეტი სტუდენტი გამოთქვამს:

„წელს დაფინანსება გაზარდეს და ქვეყნის მასშტაბით 70 ორგანიზაცია უწევს მომსახურებას იმ იმიგრანტებს, ვისაც ამერიკის მოქალაქეობა სურს“

კლასებზე სტუდენტებს ინგლისურ ენასა და შეერთებული შტატების ისტორიას ასწავლიან. ალეხანდრო მაიორკასი მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურის დირექტორია:

„ჩვენ გვინდა ადამიანებმა გააცნობიერონ ფაქტი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ის, რომ ამერიკის მოქალაქეები ხდებიან“

მსგავსი კლასები ელსი ვენტურასა და დანარჩენ იმიგრანტებს კონკრეტული და ძალზე მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებაში ეხმარება:

„მეც მინდა ვსარგებლობდე იმ უფლებებით,რითაც ყველა ამერიკელი მოქალაქე სარგებლობს“

და მართლაც, სულ მალე ამ კლასში შეკრებილი იმიგრანტები ამერიკის მოქალაქეობის მიღების სპეციალურ ცერემონიალზე მივლენ, ფიცს დადებენ, ჰიმნს მოისმენენ და შეერთებული შტატების კანონიერი მოქალაქეები გახდებიან.

XS
SM
MD
LG