„ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ გუშინ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი ქალბატონი ვიკა კუპჩინეცკაია. რადგანაც თემა რუსულ-ქართული ურთიერთობებია, ვფიქრობთ, ამ სტატიის და იქ მოყვანილი მოსაზრებების გაცნობა ქართველი მსმენელისა და მკითხველისთვისაც უინტერესო არ უნდა იყოს. სტატიაში - სათაურით „საქართველო, რუსეთი, აშშ: არათანაბაგვერდოვანი სამკუთხედი“ - ჰარვარდის უნივერსიტეტის შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების პროგამების დირექტორი სერგეი კონოპლიევი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პოლიტიკური ფსონი ამერიკელ რესპუბლიკელებზე გააკეთა. მისი აზრით, სააკაშვილის მთავრობა არასაკმარისად მუშაობდა ამერიკელ დემოკრატებთან.
„პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდი მთლიანად კონცენტრირებული იყო ბუში-ჩეინის კავშირზე, მანამდე ამ ჯგუფში ასევე შედიოდა დონალდ რამსფელდიც. დემოკრატმა ბარაკ ობამამ კი მემკვიდრეობად უაღრესად რთული საგარეო პოლიტიკური ვითარება მიიღო. სადაც ბუნებრივია მისი პრიორიტეტი იყო და არის ავღანეთი, ერაყი, პაკისტანი და ირანი. ეს სია შეიძლება კიდევ გაიზარდოს და რასაკვირველია ამ ჩამონათვალში საქართველოს ადგილი აღარ დარჩა,“ - ამბობს სერგეი კონოპლიევი.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები არ ცვლის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და კვლავ მოუწოდებს მოსკოვს შეასრულოს აღებული ვალდებულება ჯარების გაყვანის შესახებ, კონოპლიევი თვლის, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
„აღმოჩნდა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობის, კერძოდ კავკასიის და საქართველოს უსართხოების საკითხებშია საჭირო პარტნიორი, არამედ საერთაშორისო საკითხებშიც, რომელიც უფრო დიდ რეგიონებს ეხება, ისეთი საკითხების ჩათვლით, რომელსაც არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკისთვის. რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკამ ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს დაანახა, რომ ამიერიდან შეერთებული შტატების პოლიტიკა, რუსეთის გავლით გაკეთდება,“ - აცხადებს კონოპლიევი.
ამ მოსაზრებას სრულად არ იზიარებს ჰუდძონის ინსტიტუტის მკვლევარი ჩარლზ ფერბენკსი. „რასაკვირველია, შეერთებული შტატების და საქართველოს პრეზიდენტები ახლა ისე ხშირად არ იღებენ ერთობლივ ფოტოებს და არც ისე ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობებში ბევრი არაფერი შეცვლილა,“ - ამბობს ფერბენკსი. ამის საილუსტრაციოდ მას საქართველოსთვის მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა მოჰყავს. მერე რა, რომ ამერიკა აღარ აძლევს საქართველოს შეიარაღებას? სამაგიეროდ, თბილისისთვის იარაღის მიყიდვაზე ოფიციალური ემბარგო არ არის დაწესებული, მიიჩნევს ფერბენკსი.
ვაშინგტონში მთავრობის და კანონმდებლების გარდა, დიდ პოლიტიკას ე.წ. „ტვინების ცენტრებიც“ ქმნიან. ერთერთი ასეთი ცენტრია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული ცენტრალური აზიისა დ კავკასიის ინსტიტუტი და მისი ხელმძღვანელი ფრედ სტარი. ის პრეზიდენტ რეიგანის და ასევე პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უფროსის მრჩევლად მუშაობდა რუსეთის და საბჭოთა კავშირის საკითხებში. მისი თქმით, „საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტი, ეს ვლადიმირ პუტინის პირადი ვენდეტა იყო.“
ფრედ სტარი ამბობს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ევროპამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა ასევე შეერთებული შტატებიც, პრეზიდენტ ობამას დროს, საოცრად პასიური აღმოჩნდა. სტარი მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის ამასწინანდელმა ვიზიტმა საქართველოში, არაფერი შეცვალა. ამის შედეგად, ეს ქვეყნები (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) შესაძლოა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უსაფრთხოება შიგნიდან უნდა შეიქმნას. სტარის აზრით, მათ დასჭირდებათ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რათა გარეშე ძალების ზეწოლა აიცილონ თავიდან.
რაც შეეხება სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, სერგეი კონოპლიევი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში, საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ აღიარებს. „ასეთი კონფლიქტები ბევრია. ესეთი კონფლიქტებია ესპანეთში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი რუსეთის ისეთმა მოკავშირემაც არ აღიარა, როგორიც ბელარუსიაა. ასევე, არც შანხაის ორგანიზაციაში შემავალ რუსეთის პარტნიორ ქვეყნებს უღიარებიათ. იმიტომ, რომ ასეთი კონფლიქტი ბევრია და პრეცენდენტის შექმნა კი საკმაოდ სარისკოა,“ – აცხადებს კონოპლიევი. ის თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა შეიმუშავოს ერთიანი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში, რაც დღისთვის არ არსებობს. „ქვეყანას ერთიანი პოლიტიკა უნდა ქონდეს, რასაც ორივე პარტია დაუჭერს მხარს,“ - თვლის ჰარვარდის ექსპერტი.