ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკეინი: „რუსეთში ავტოკრატიული მმართველობაა“


ჯონ მაკეინი: „რუსეთში ავტოკრატიული მმართველობაა“
ჯონ მაკეინი: „რუსეთში ავტოკრატიული მმართველობაა“

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“

სენატორ ჯონ მაკეინს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამგზავრების წინ „ამერიკის ხმის“ ირანელი კორესპონდენტი ეწვია და ვიზიტის მიზნებით და დეტალებით დაინტერესდა.

„რეგიონში სენატორ ლიბერმანთან ერთად მივემგზავრები. ჩვენი გზავნილი რეგიონისადმი გამოხატულია ერთი კვირის წინ მიღებულ სენატის რეზოლუციაში, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ მოძრაობებს და გვჯერა, რომ დაიწყება მშვიდობიანი ცვლილებები ძალადობის გარეშე და რომ მთავრობები არ გამოიყენებენ ძალას იმ ხალხის წინაღმდეგ, ვინც მართავს მშვიდობიან დემონსტრაციას ღმერთის მიერ მინიჭებული უფლებების მოთხოვნით. მე უნდა დავძინო, რომ ეგვიპტეში, ტუნისში და სხვა ქვეყნებში არმიას არ გამოუყენებია ძალა დემონსტრაციების ჩასახშობად. ირანში კი საპირისპირო ხდება,“ - განაცხადა მაკეინმა.

მისი თქმით, „როდესაც ხელისუფლებაში ობამას ადმინისტრაცია მოვიდა, მას არ სურდა, რომ ყოფილიყო ბუშის მაგვარი. მათ იცოდნენ, რომ პრეზიდენტი ბუში დემოკრატიისთვის ასევე არ გამორიცხავადა სამხედრო ჩარევასაც. და ეს თავდაპირველად პრეზიდენტის გამოსვლებშიც იგრძნობოდა.“ სენატორმა მაკეინმა თავის ინტერვიუში პრეზიდენტი ობამა დაადანაშაულა ირანში გამართული დემონსტრაციების არასაკმარის მხარდაჭერაში, რაც მაკეინის აზრით უპატიებელია. „დღესაც კი პრეზიდენტი არ აკეთებს ირანში რეჟიმის შეცვლის მოწოდებას. რატომაც არა? ის ხომ მჩაგვრელი და სასტიკი რეჟიმია. თქვენ რომ გენახათ ირანის პარლმენტის გუშინდელი ქცევა, როდესაც საუბრობდნენ დემონსტრაციების დარბევაზე. ეს მიუღებელია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანში რეჟიმი უნდა შეიცვალოს,“ - აღნიშნა მაკეინმა.

მისი აზრით, ეგვიპტის და ირანის პროცესების განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეგვიპტის არმიის ნაწილები არ წავიდნენ დემონსტრანტების წინააღდმეგ. „ირანში კი ჩვენ ვნახეთ რა ხდებოდა. მთელმა მსოფლიომ ნახა ქუჩაში დაგდებული ქალი სახელად ნედა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა,“ - განაცხადა სენატორმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოძებნოს გზები და საშუალებები, რათა ხელი შეუშალოს ინტერნეტის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების ჩახშობას. მისი თქმით, ეს უკვე კიბერნეტიკული ომია და ამერიკამ უნდა იმუშავოს იმ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რაც ხალხს დაეხმარება კომუნიკაციური ბლოკადის გარღვევაში.

„ამერიკის ხმის“ რუსი ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რუსეთს, როდესაც განაცხადა, რომ „ცვლილების ქარი უკვე უბერავს,“ მაკეინმა განმარტა:

„მე მოხარული ვარ, რომ რუსებმა ყურადღება მიაქციეს კვირას ჩემს გაკეთებულ განცხადებას. და რუსების მხრიდან ამაზე პასუხიც კი იყო. იმავე დღეს ამერიკულ მედია იუწყებოდა, ხოდორკოვსკის საქმის პროკურორის თანაშემწის განცხადების შესახებ, სადაც მან თქვა, რომ მას ყველაფერს ზემოდან კარნახობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთში არ არის კანონის უზენაესობა, რომ იქ ყველაფერი პუტინის დიქტატით მიმდინარეობს, როდესაც მან თქვა, რომ ხოდორკოვსკი უნდა იჯდეს ციხეში. ასე რომ, მე ვფიქრობ, რუსეთში ავტოკრატიული მმართველობაა,“ - განაცხადა მაკეინმა.

მისი თქმით დასავლეთი რუსეთის მიმართ რეალისტური უნდა იყოს. „ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთი ცივი ომის წამოწყებას. ეს გამორიცხულია, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყანასთან, სადაც ძალაუფლება ერთი პირის პუტინის და მისი გარემოცვის ხელშია თავმოყრილი, რომელთა უმეტესობა ყოფილი „კაგებეს“ აგენტები არიან. ისინის ერთის მხრივ ხელს აწერენ „სტარტის“ ხელშეკრულებას და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ „სტარტი“ ვერ იმუშავებს, თუკი ჩვენ გავაგრძელებთ სარაკეტო თავდაცვაზე ფიქრს, და ჩვენ კი აქ შეერთებულ შტატებში ვამბობთ, რომ სარაკეტო თავდაცვა მნიშვნელოვანი ასპექტია ისეთი ქვეყნებიდან მომავალი საფრთხის განეიტრალებაში, როგორიც ირანია. რუსები ახლა უფრო კარგად იქცევიან, რადგან მათ სურთ ჩვენი მხარდაჭერა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში შესასვლელად. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რომელიც პრეზიდენტ სარკოზის მიერ იყო ინიცირებული. ისინი, ვენესუელასთან და ნიკარაგუასთან ერთად განაგრძობენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას სუვერენულ ქვეყნებად. აი სწორედ ეს საკითხებია, რაც საფრთხეს უქმნის რაციონალურ და ცივილიზებულ საერთაშორისო ქცევას. ჩვენ გვინდა მათთან თანამშრომლობა, ჩვენ გვინდა რომ მათ დავეხმაროთ და გვქონდეს კარგი ურთიერთობა. თუმცა, ამავე დროს ჩვენ რუსი ხალხისთვის ვერ დავივიწყებთ ჩვენს ფუნდამენტურ მცნებებს - კანონის უზენესობას, ადამიანის უფლებებს,“ - განაცხადა სენატორმა მაკეინმა.

XS
SM
MD
LG