ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სტარტის“ ბედი კონგრესის არჩევნების შემდეგ


„სტარტის“ ბედი კონგრესის არჩევნების შემდეგ

თუ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხდა, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები დარტყმის ქვეშ დგება

აპრილის თვეში შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას იგივე „სტარტს“ მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით, ორივე მხარე ამცირებს გრძელი რადიუსის ბირთვულ იარაღს და ასევე ადგენს ე.წ. გადაცემის სისტემების კერძოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავების და ბომბდამშენების შეზღუდულ რაოდენობასაც. თუმცა საკითხავია, თუ როგორ დასრულდება მოსკოვსა და ვაშინგტონში კანონმდებლების მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. ახალი ხელშეკრულებით ასევე განახლებულია ვერიფიკაციის პროცედურები, რათა არცერთ მხარეს არ მიეცეს მონაცემთა გაყალბების საშუალება.

ობამას ადმინსტრაციამ სენატის მიერ ახალი „სტარტის“ რატიფიცირების პროცესი თავისი საგარეო პოლიტიკის მთავარ ელემენტად აქცია. სექტემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დოკუმენტი განხილვისა და მოწონების შემდეგ უკვე სენატს გადაუგზავნა, სადაც საბოლოო დამტკიცებისთვის 67 სენატორის ხმაა საჭირო. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ სენატს ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ წლის ბოლომდე მოუწოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს ხელშეკრულების რატიფიცირება მანამდე მოხდეს, ვიდრე იანვარში ახალი კონგრესი შეიკრიბება. აღსანიშნავია, რომ „სტარტის“რატიფიცირება, ასევე რუსეთის დუმამ უნდა მოახდინოს.

კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა დემოკრატები „შეაზანზარეს“ - ეს სიტყვა პრეზიდენტმა ობმამა იხმარა. მათ კონტროლი მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში და ასევე გაზარდეს ადგილები სენატშიც.

„სტარტის“ ხელშეკრულებას სხვებთან ერთად რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარიც უჭერს მხარს, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რესპუბლიკელების ლიდერია. ის თავის კოლეგების დაყოლიებას ცდილობს, რათა სენატმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინოს. თუმცა ბევრი რესპუბლიკელი „სტარტის“ წინააღმდეგ არის განწყობილი. ისინი თვლიან, რომ ეს დოკუმენტი შეერთებული შტატების სარაკეტო თავდაცვის გეგმას უშლის ხელს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალ წლამდე კონგრესის ძველი შემადგენლობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირებსი შანსები 50/50-ზეა. კოლუმბიის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი რობერტ ლეგვოლდი მიიჩნევს, რომ თუკი სენატორები ჩასწორებას მოიწონებენ, ეს რუს კანონმდებლებს იგივეს გაკეთებისკენ უბიძგებს.

მაქს ბერგმანი, ამერიკის პოგრესის ცენტრის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ დოკუმენტის შეჩერება. და თუკი, ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, საკითხავია, თუ რას მოიმოქმედებენ სენატის დემოკრატი მმართველები ამის საპირისპიროდ. ბერგმანის თქმით, ეს არის რესპუბლიკელთა ერთგვარი ტესტი, რათა მოსახლეობამ ნახოს, თუ როგორ შეუძლიათ მათ ქვეყნის მართვა და რამდენად არიან ისინი მოწოდებულნი ობამასთან დასაპირისპირებლად.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკელთა შორისაც არიან ისეთი სენატორები, რომლებიც სტარტის შეთანხმებას ხმას მისცემენ. ლეგვოლდი მიიჩნევს, რომ „სტარტის“ ხელშეკრულება ერთგვარ სავაჭრო საგნად იქცა მხარეებს შორის. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი ამჟამინდელი კონგრესის სესიაზე არ მოხდება „სტარტის“ განხილვა, საეჭვოა, რომ იანვარში შეკრებილმა კონგრესის ახალმა შემადგენლობამ მისი რატიფიცრება მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში კი, ანალიტიკოსების აზრით, დარტყმის ქვეშ დგება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები. ლეგვოლდი ამბობს,რომ ეს რუსული მხარისთვის იქნება იმის დემონსტრირება, რომ ობამამ ვერ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტის განხორციელება. ლეგვოლდის თქმით, „სტარტის“ ჩავარდნა ასევე იქნება სერიოზული დარტყმა პრეზიდენტ მედვედევზეც, რადგანაც რუსულ-ამერიკული ახლებური ურთიერთობის რეკლამირებისთვის, ის სწორედ ამ ხელშეკრულებას იყენებდა. ლეგვლოდი ფიქრობს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობების შემდეგ შესაძლოა სერიოზული რეგრესის პერიოდი დაიწყოს.

XS
SM
MD
LG