ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს რეზოლუცია საქართველოს შესახებ


აშშ-ს რეზოლუცია საქართველოს შესახებ

მოსკოვში სენატის გადაწყვეტილებას უკვე გამოემხაურნენ

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო. საქართველოში ამით ყველა ოფიციალური სტრუქტურაში კმაყოფილებას გამოთქვამენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობენ: ესაა დადასტურება იმისა, რომ საქართველო არ გაიჭყლიტება ორ უდიდეს ქვეყანას შორის „გადატვირთვის“ პოლიტიკის შედეგად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენია დოკუმენტში. რეზოლუციაში არ გამორჩენიათ მოხსენიება ფაქტისა, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის მიხედვით მას ვალდებულება ჰქონდა სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე დაებრუნებინა. დოკუმენტში საუბარია დევნილების დაუბრუნებლობის პრობლემაზეც. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებით მოეწონათ რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც დევნილების სრული და ღირსეული დაბრუნებისთვის მოუწოდებს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის მაკონტროლებელ ხელისუფლებებს. რეზოლუციაში საუბარია მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე და ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დამატებითი კონტაქტების განვითარების ხელშეწყობაზეც. აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიები საქართველოს ტერიტორიაზე დაბლოკა.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ეს პირველი რეზოლუციაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოსთან მიმართებით მიიღო.

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამბობს, რომ რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული, რაც იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოს მყარი და საიმედო პარტნიორი ჰყავს აშშ–ს სახით.

რეზოლუცია ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოს შესახებ გაეროშიც მიიღეს. მასშიც დევნილების დაუბრუნების აუცილებლობის შესახებ იყო ნათქვამი. ერთი თვის წინანდელმა რეზოლუციამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გააღიზიანა ისევე, როგორც ისინი შარშან, ზუსტად ანალოგიური ტიპის რეზოლუციის მიღებისას გაღიზიანდნენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ რეზოლუციას მაღალ შეფასებას აძლევს და მიაჩნია, რომ ეს საუკეთესოა, რისი მიღებაც დოკუმენტის სახით სენატს შეეძლო.

რეზოლუცია ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2008 ომიდან სამი წლის წლის შემდეგ მიიღო. მისი ინიცირება სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინისა და სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ მოხდა. დღეს რეზოლუციას რუსეთშიც გამოეხმაურნენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერგვერდზე გაპროტესტებულია ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება და ნათქვამია, რომ იგი მხოლოდ პიარის ნაწილია.

XS
SM
MD
LG