ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტების თავსატეხი: როგორ შევიდეთ ცხინვალში


ნინო დალაქიშვილის ფოტო
ნინო დალაქიშვილის ფოტო

უნდა ქონდეს თუ არა მედიას კონფლიქტურ კერებში მუშაობის საშუალება

რამდენად უსაფრთხოა ჟურნალისტისთვის საქართველოში ინფორმაციის მოპოვება ტერიტორიებიდან, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება? საერთოდ, შესაძლებელია თუ არა წერო მოვლენებზე, რომლებიც ცხინვალში, ახალგორში ან აფხაზეთში ვითარდება. არსებობს თუ არა ჟურნალისტი საქართველოში, რომელიც ახერხებს მასალების მომზადებას არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან?

გაზეთ „რეზონანსის“რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ ერთადერთი მისთვის ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლას და იქ მასალის მომზადებას ახერხებს, „რეზონანსის“ კორესპონდენტი მარი ოთარაშვილია, რადგან თავად წარმოშობით ახალგორიდანაა და შესაბამისი ჩანაწერიც მის პირადობის დამადასტურებელი მოწმობაში არსებობს, რაც ახალგრში შესვლისთვის ერთადერთ გასაღებს წარმოადგენს. თუმცა მარი ოთარაშვილს ახალგორიდან რეპორტაჟების მომზადების გამო ახალგორის დევნილ ადმინისტრაციასთან პრობლემები აქვს. ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ახალგორის გამგებელი მას ემუქრებოდა და მოითხოვდა ახალგორიდან ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისგან თავი შეეკავებინა. ცხინვალში შესვლის და დე–ფაქტო ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ პრობლემები შეექმნა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესაც. მას კინაღამ სამშობლოს მოღალატეობა დასწამეს. იგი დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს პოლიტიკური თავშესაფრის ქვეშ. საქართველოში დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეშიც დანაშაულის მტკიცებულების სახით გამოჩნდა შემთხვევა, როდესაც ერთ–ერთი მათგანი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ვითომცდა „ვერბოვკის“ მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ მაგალითების მიხედვით რამდენად შეიძლება ვისაუბროთ ზოგად ტენდენციაზე, რომ ქართველი ჟურნალისტებისთვის აკრძალულია შეღწევა ტერიტორიებზე, რომელთა მაცხოვრებლები ჩვენს ძმებად და დებად ითვლებიან, ხოლო ვინც ამ აკრძალვას არ დაემორჩილება, დაისაჯოს?

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური ამბობს, რომ რეალურად ინფორმაციის მოპოვება დე–ფაქტო ადმინისტრაციიდან ძალიან რთულია, იქ შეღწევა კი შეუძლებელი. „პრობლემას მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება არ ქმნის, პრობლემაა მათი მხრიდანაც. დიდია საფრთხე დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში,“– ამბობს გოგა აფციაური. იგი იხსენებს შემთხვევასაც, როდესაც მას და ელისო ჩაფიძეს ჰქონდათ შესაძლებლობა თურქეთში ერთ–ერთი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი სესიის ფარგლებში შეხვედროდნენ ოს ჟურნალისტებს. „ყველას აზრი ემთხვეოდა იმაში, რომ აუცილებელია კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა. შევთანხმდით, რომ ასეც მოვიქცევით. მე ჟურნალისტურ საქმიანობას ვახორციელებ. არაფერი მაქვს დამალული და არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ოდესმე მოღალატის იარლიყი შეიძლება მომაკრან,“– ამბობს გოგა აფციაური.

ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნებში, თუნდაც მოლდოვაში ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა კონტაქტის და ინფორმაციის გაცვლის. ასეთი ტიპის გახსნილობის პრეცედენტები საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG